ნატო-ს გაფართოების შემდეგ ეტაპზე პრიორიტეტულ ქვეყანად მონტენეგრო დასახელდა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენგბერგმა ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებულ პარტნიორობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსს საქართველოსთან ძალიან ახლო პარტნიორობა აქვს.
“ამ ეტაპზე ვახორციელებთ ძირითად პაკეტს, რაც ჩვენს შორის პარტნიორობას კიდევ უფრო აღრმავებს. ასევე ვართ სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბების პროცესში. საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებაში, რაც კარგია არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისთვის, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის”, -განაცხადა სტოლტენბერგმა.
ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბრისას, გენერალურმა მდივანმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტი გაიხსენა და თქვა, რომ ალიანსი მაშინ მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება, თუმცა ნატო-ს გაფართოების შემდეგ ეტაპზე მან პრიორიტეტულ ქვეყანად მონტენეგრო დაასახელა. “როდესაც საქმე ეხება ალიანსში გაწევრიანებას, იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი რაც აქამდე უამრავჯერ თქმულა. მე ბუქარესტის სამიტს ვესწერებოდი 2008 წელს, როცა ალიანსმა საქართველოზე გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების გამეორება უწყვეტად ხდება. ბოლოს ის უკანასკნელ სამიტზე უელსშიც გავიმეორეთ. თუმცა, ბოლო სამიტზე ისიც გადავწყვიტეთ, რომ პირველ რიგში მონტენეგროს გაწევრიანების საკითხი იქნება განხილული, რაც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოხდება”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, ის აფასებს საქართველოს ნატო-ს ოპერაციებში მონაწილეობას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უფრო მეტად უნდა განვითარდეს.
სტოლნენბერგმა ალიანსის რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მოსკოვმა პატივი უნდა სცეს მეზობლების სუვერენიტეტს.
“ჩვენ რუსეთთან კონფრონტაცია არ გვინდა. ასევე არ გვსურს რუსეთის იზოლირება. ჩვენ რუსეთთან კონსტუქციული ურთიერთობა გვინდა. ეს ხელს შეუწყობს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. მაგრამ რუსეთი შეიცვალა და ჩვენ ცვლილებას ფეხი უნდა ავუბათ. ამ პროცესში ჩვენ არ შევიცვლებით და ჩვენი პრინციპების დაცვას გავაგრძელებთ.
ალიანსი გააგრძელებს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას. ამ მიზნით, ვეხმარებით საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას რეფორმების გატარებისა და ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში. ეს ქვეყნები არ წარმოადგენენ ბუფერულ ზონას. ისინი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოები არიან, რომლებსაც საკუთარი გზის არჩევის უფლება აქვთ. ჩვენ გავაგრძელებთ მათ დახმარებას – რაც უფრო სტაბილურია ჩვენს გარშემო სამეზობლო, მით უფრო დაცულები ვართ ჩვენ”,- განაცხადა სტოლტენბერგმა.
“გენერალური მდივნის ვიზიტი ვაშინგტონში ორი ფაქტორის გამო იყო მნიშვნელოვანი. რამდენიმე თვის წინ ვაშინგტონში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ობამასა და სტოლტენბერგს შორის ვიზიტი არ შედგა, რამაც ობამას ადმინისტრაციის მიმართ მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. ამ ვიზიტზე შეხვედრა შედგა. მეორე ფაქტორი სტოლტენბერგის განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოს ნერბისმიერ წევრზე კიბერ თავდასხმას ალიანსის მიერ მეხუთე მუხლის ამოქმედება მოჰყვება”, – წერს “ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის გარემონტებას ან ალტერნატიულ შენობას ითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი – პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელია