ნატოს პროექტი “საქართველო IV” დაიწყო

“პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ნდობის ფონდის ეგიდითა და ნატო-ს უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში ახალი პროექტი “საქართველო IV” დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, ნატო-ს ნდობის ფონდის პროექტების მენეჯერი დევიდ თაუნდროუ გორის რაიონის სოფელ სკრაში ჩავიდა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სოფელ სკრას მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის განხორციელებისთვის ყველა საჭირო ტექნიკა მობილიზებულია და სათანადოდ გაწვრთნილი სამხედრო ინჟინრები განაღმვითი სამუშაოების დასაწყებად უკვე მზად არიან.
პროექტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, სოფელ სკრაში საცავის აფეთქების შედეგად გაბნეული საბრძოლო მასალების მოძიებას, გამოტანას, დახარისხებას, საფრთხის შემცველი ნაწილების უტილიზაციას, განადგურებასა და ტერიტორიის დასუფთავებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში ამოღებული საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფა შეამცირებს დაზიანებული მასალების აფეთქების რისკს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და საერთაშორისო სარკინიგზო მაგისტრალს საფრთხეს უქმნის. “საქართველო IV”-ის განხორციელების შედეგად, სოფლის მცხოვრებლებს მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.
“პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ნდობის ფონდის ეგიდით განხორციელებული პროგრამების ფარგლებში, საქართველომ ნატო-ს უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტოსთან თანამშრომლობა 2002 წლის ივნისში დაიწყო. სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა პარტინიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის სამი პროექტი – “საქართველო I”, “საქართველო II” და “საქართველო III”.

banner
წინა სტატიაში„შეთანხმება 2008 წელსაც იქნა მიღწეული, თუმცა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გაყინული კონფლიქტი მივიღეთ“
შემდეგი სტატიაქართულმა მხარემ EUMM-თან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა