მოწმის ინფორმაციით, ვაზაგაშვილის და ხუბულოვის მიმართ საკონტროლო გასროლა გიორგი ცააძემ განახორციელა

კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის დროს ვაზაგაშვილს და ხუბულოვს პოლიციელების მიმართულებით სროლა არ განუხორციელებიათ და მათ მიმართ საკონტროლო გასროლა პისტოლეტით გიორგი ცააძემ განახორციელა, – ამის შესახებ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმეზე მოწმე კობა გოგატიშვილმა განაცხადა, რომელსაც სასამართლო ამ წუთებში კითხავს. როგორც მან აღნიშნა, იგი მომხდარ ფაქტს შემთხვევით შეესწრო.
მოწმის დაკითხვამდე პროკურატურამ სასამართლო დარბაზს აჩვენა ვიდეო, სადაც 2006 წლის 2 მაისს მომხდარი მოვლენების შესახებ კობა გოგატიშვილი პირველი არხის ჟურნალისტს კომენტარს აძლევს. იგი ინტერვიუშიც ამბობს, რომ დაცხრილული მანქანიდან სროლა არ ყოფილა და სპეცრაზმელები ესროდნენ მანქანას, რომელმაც ორიენტაცია დაკარგა და ხეს შეასკდა.
რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, გოგატიშვილი ამბობს, რომ დილის საათებში კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც დაინახა “ბე ემ ვეს” მარკის ავტომობილი, რომელსაც სპეცრაზმელები ესროდნენ, შემდეგ ავტომობილმა ორიენტაცია დაკარგა, ხეს დაეჯახა. მისივე თქმით, იგი ეცადა იქ მყოფი ახალგაზრდების დახმარებას. კობა გოგატიშვილი ამბობს, რომ როდესაც გადავიდა დასახმარებლად ორი ახალგაზრდა დაინახა, რომლებიც შველას ითხოვდნენ. ამის შემდეგ კი, მისი თქმით, შავ პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც შემდგომ გაიგო, რომ გიორგი ცააძეა, მივიდა და მოხრილ მდგომარეობაში მათ პისტოლეტიდან ესროლა, რის შემდეგაც დაინახა, როგორ შეიღება მანქანის საქარე მინა სისხლით. კობა გოგატიშვილი ამბობს, რომ იგი მის თანმხლებ ქალბატონს წყალს სთხოვდა, რათა ახალგაზრდებს დახმარებოდა. ცააძე კი ადგილიდან მოშორებას სთხოვდა. მოწმე ამტკიცებს, რომ საპირისპირო გასროლა სამართალდამცველების მხრიდან “ბე ემ ვეს” მარკის ავტომობილიდან არ ყოფილა. მისივე თქმით, ახალგაზრდებს ფეხებთან, რომლებიც “ბეემვეს” მარკის ავტომობილში ისხდნენ იარაღები ჩაუდეს. შემდეგ კი მივიდა ერთი პირი, რომელმაც მანქანაში ტყვიები ჩაყარა. მოწმე იხსენებს, რომ დაჭრილები მანქანიდან გადმოიყვანეს, რა დროსაც შეესწრო ირაკლი ფირცხალავას საუბარს, რომელიც ამბობდა, რომ “ვითომ პირველად ამათ გვესროლესო”.
ამ წუთებში მოწმის დაკითხვას უკვე დაცვის მხარე ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიფონდი “ქართუ” სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დამატებით 8 მილიონ ლარს ჩარიცხავს
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ უშიშროების საბჭოს ათონელის რეზიდენციაში გადასვლა შესთავაზეს