“მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, თავი შეიკავონ დაძაბულობის ზრდისა და პოლარიზაციის ხელშემწყობი ნაბიჯებისა თუ განცხადებებისგან”

ბიბისი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ნახევარი წლით გააგრძელა

ევროკავშირის ადგილობრივი წარმომადგენლობა “საქართველოში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებით” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

„ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში არსებულ მედიაგარემოს. ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გაიზარდა, თუმცა სიტუაციის შესწავლაც უფრო ინტენსიური გახდა. ამ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია დღემდე მიღწეული რეფორმების გაგრძელება და დემოკრატიული ინსტიტუტების სრულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. პლურალისტული მედია და პოლიტიკური გარემო საქართველოს დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული არჩევანის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია.

ჩვენ თავს ვიკავებთ კონკრეტული სასამართლო საქმის კომენტირებისგან, თუმცა გვაწუხებს საკითხები, რომლებიც რეაგირებას საჭიროებენ; მოველით, რომ კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების პრინციპები საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში პრაქტიკაშიც იქნება გამოყენებული. მნიშვნელოვანი მედიასაშუალების საქმიანობის შეზღუდვამ ან ხელის შეშლამ შეიძლება გამოიწვიოს დემოკრატიული პროცესის შესუსტება, 2016 წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ჩათვლით.

ევროკავშირი იზიარებს და მხარს უჭერს მთავრობის მიერ გაცხადებულ მიზანს, გააგრძელოს რეფორმები და უზრუნველყოს თავისუფალი და წესრიგზე დაფუძნებული არჩევნები. გვჯერა, რომ მთელი მომავალი წლის განმავლობაში ეს საკითხი მთავრობის მიერ უმაღლეს პრიორიტეტად იქნება აღიარებული. ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალის წვდომა მედიასაშუალებებზე დემოკრატიული არჩევნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტსა და პოლიტიკურ მოთამაშეს, თავი შეიკავონ დაძაბულობის ზრდისა და პოლარიზაციის ხელშემწყობი ნაბიჯებისა თუ განცხადებებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გაკეთდა.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი: ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია წარმატებით მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია:მე დღეს იმათ მაგივრადაც მრცხვენია, ვინც იმ წლებში დუმდა და პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული