მიხეილ სააკაშვილი: ოლიგარქები უკრაინის სახელმწიფოებრიობის მტრები არიან

ოლიგარქები უკრაინის სახელმწიფოებრიობის მტრები არიან, – ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხეილ სააკავშილმა კიევში ლექციის დროს გააკეთა, რომელიც კახა ბენდუქიძის ხსოვნას მიეძღვნა.
“ოლიგარქები, როგორც კლასი, უკრაინის სახელმწიფოებრიობის მტრები არიან. ოლიგარქების ინსტიქტი ერთია – ყველაფერი და ყველა მათ ირგვლივ უნდა იყოს სუსტი და უძლური. არავის არ შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს მხარდაჭერა, მხოლოდ ოლიგარქებს აქვთ უფლება ფულის შოვნის და ინსტრუქციების გაცემის იმასთან დაკავშირებით, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა. ოლიგარქები გამოიმუშავებენ თანხას იმით რომ სხვა ვერავინ შოულობს ფულს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის ფაქტი რომ ოლიგარქებმა ააყვავეს ქვეყანა, ტყუილია.

“რატომ არ ჰყავს პოლონეთს ოლიგარქები, ეს იმიტომ რომ პოლონეთი ახლა უკრაინას განვითარების მხრივ უსწრებს. როგორც კი ეკონომიკა ქმნის ოლიგარქებს, ამას სიღარიბე, უიმედობა და უთანასწორობა მოჰყვება. საჭიროა ოლიგარქებმა პოლიტიკოსებს, დეპუტატებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს შორის კავშირი გაწყვიტონ. ამის შემდეგ მათ უნდა გადაიხადონ გადასახადები პატიოსნად, თუმცა, შეუძლებელია ოლიგარქებმა ეს გააკეთონ”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა რუსეთის პოლიტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პუტინის ცხოვრების კოშმარი არის წარმატებული უკრაინა.

“ეს იქნება მისი დასასრული და იმ იმპერიული მოდელის კოლაფსი, რომლის გავრცელებას ის ყველა ახლო და შორ მეზობლებზე ცდილობს. პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკრაინაში არ განახორციელდეს “5დ”-ის პროგრამა – დეცენტრალიზაცია, დეოლიგარქიზაცია, დერეგულაცია, დებიუროკრატიზაცია და დეოკუპაცია” , – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პუტინი შეეცდება უკრაინაში ისეთი ადამიანების პოვნას, რომლებიც მზად არიან გაყიდონ ყველაფერი, მათ შორის ქვეყანაც.

ლექციის მსვლელობისას სააკაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, შანსი იმისა, რომ პუტინმა სანქციებს თავი დააღწიოს, არ არის. “ევროპაში არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც არ სურთ სანქციების გაგრძელება, თუმცა, ისინი ამას ვერ შეძლებენ”, – აღნიშნა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონი უკრაინაში ჟურნალისტისა და ყოფილი დეპუტატის მკვლელობას ეხმაურება
შემდეგი სტატიადოლარის ოფიციალური ფასი 2.2511 ლარია