მიხეილ მაჭავარიანი: ჩვენ გვყავს უნიათო, არაკომპეტენტური მთავრობა და პრემიერმინისტრი

მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული პრემიერის პარლამენტში მისვლის და მთავრობის ანგარიშის წარდგენის საკითხი, ოპოზიცია აცხადებს, რომ აუცილებელია პრემიერმა ისაუბროს 6 თვის შედეგებთან დაკავშირებით. ისინი საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას ელოდებიან.

„ჩვენ გვყავს უნიათო, არაკომპეტენტური მთავრობა და პრემიერმინისტრი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ამ ქვეყანაში. მას უბრალოდ სალაპარაკო არ აქვს არაფერი, თორემ რეგლამენტის 205-ე მუხლი ძალიან მკაფიოდ ამბობდა, რომ პირველივე კვირაში უნდა წარმოდგენილიყო მოხსენება, მაგრამ ეს მოხსენება „თხა და გიგოსავით“ კი არ უნდა დაიჭიროს პარლამენტის თავმჯდომარემ, უნდა მოვიდეს და პარლამენტის წევრებს გააცნოს,“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი.

თავისუფალი დემოკრატების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტი არ ავალდებულებს პრემიერს პირადად წარადგინოს დოკუმენტი, არსებობს ამომრჩევლის და დეპუტატების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა მათივე განცხადებით, მთავრობას არაფერი აქვს სათქმელი.

„ის რაც დღეს არის, არ არის სიტუაციის გაუარესება და ყველაზე მთავარია, რასაც ჩვენ აქ დღეს ვუყრით საფუძველს, ის შედეგებს მოგვცემს რამდენიმე წლის შემდეგ. მოსახლეობა ხშირად ელოდება სწრაფ შედეგებს, მაგრამ ეკონომიკის განვითარებაში სწრაფი შედეგები არ არის, მაგრამ მთავარია, რომ ის გეზი, რასაც მთავრობა იღებს, მომავალზეა ორიენტირებული და ჩვენ თანდათანობით დავინახავთ იმ შედეგებს,“ – განმარტა უმრავლესობის წარმომადგენელმა გუგული მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეების და კომპანიების წინააღმდეგ სანქციები გააგრძელა
შემდეგი სტატიამექსიკა ეგვიპტისგან ტურისტების დახოცვის ფაქტის საგულდაგულო გამოძიებას მოითხოვს