“მირზა შაფის” პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცემის საკითხს მერიის შიდა აუდიტი შეისწავლის

თბილისის მერი შიდა აუდიტის სამსახურს ავალებს, შეისწავლოს და ხვალამდე წარუდგინოს ინფორმაცია, თუ რატომ არ მიეწოდა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” “მირზა შაფის” პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია სრულყოფილად.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, ორგანიზაციისთვის გაცემულ დოკუმენტაციათა ნუსხას მხოლოდ ერთი დოკუმენტი – მემორანდუმი დააკლდა. აღნიშნულ საკითხს თბილისის მერი თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ მირზა შაფის პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია საჯაროა და გამოქვეყნებულია არქიტექტურული სამსახურის ვებგვერდზე.
“დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია და ბრალდებები, თითქოს “მირზა შაფის” პროექტთან დაკავშირებით შეგნებულად ხდება ინფორმაციის დაფარვა, რაც რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით არაერთი საჯარო განხილვა ჩატარდა. სრული ინფორმაცია განთავსებულია არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე. ჩვენ დავნერგეთ ასეთი პროექტების საჯარო განხილვის და ღია კონკურსის გამოცხადების სისტემა. იყო უზუსტობა, რაც, ჩემი აზრით, შიდა აუდიტის სამსახურმა უნდა გამოიკვლიოს. კერძოდ, როცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას საჯარო ინფორმაცია მიეწოდა, არ იქნა გაცემული ერთი დოკუმენტი – მემორანდუმი. ერთი მხრივ, სამსახურებს მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით და ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცეს, რასაც ისედაც ვაკეთებთ, მაგრამ მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. მეორე მხრივ, შიდა აუდიტის სამსახურმა ხვალამდე შეისწავლოს და მოგვახსენოს ინფორმაცია, რატომ გაიცა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე” ინფორმაცია სრულად და რატომ დააკლდა ერთი დოკუმენტი – მემორანდუმი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშითბილისის მთავრობამ გარემოსდაცვითი სტრატეგია მოამზადა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს