მინდია ჯანელიძე: რეგიონში მშვიდობა აუცილებელი წინაპირობაა ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის

ჩვენი თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის განმტკიცებისკენ და არ არის მიმართული არავის, არც ერთი მხარის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფორმატში თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მინდია ჯანელიძემ აღნიშნა, მას აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან ჰქონდა ძალიან ნაყოფიერი და შინაარსობრივი შეხვედრა. მინდია ჯანელიძის თქმით, სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი 2012 წელს დაიწყო და სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები წელიწადში ორჯერ ხვდებიან ერთმანეთს.
“ვგეგმავთ თანამშრომლობის ახალ ფორმატებს. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის გრაფიკი დატვირთულია საინტერესო ღონისძიებებით. ეს შეეხება სამხედრო განათლების სფეროს, ერთობლივ წვრთნებს, რომლებიც ტრადიციულად მიმდინარეობს სამმხრივ ფორმატში და ასევე ცალკეულ მიმართულებებს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, რომელიც დინამიურად ვითარდება, რისთვისაც ჩემს კოლეგებს და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ხელისუფლებებს მინდა მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
საქართველოს თავადცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამმხრივი თანამაშრომლობა მიმართულია რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის გამტკიცებისკენ.
“ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის განმტკიცებისკენ და არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ, არც ერთი მხარის წინააღმდეგ, ეს არის მიმართული რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის განმტკიცებისკენ, ჩვენი ქვეყნების შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებისკენ. მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა აუცილებელი წინაპირობაა, რომ ჩვენი ქვეყნები თანმიმდევრულად, დინამიურად განვითარდნენ”, – განაცხადა მინდია ჯანელიძე, რომელმაც აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
სასტუმრო “თბილისი მარიოტში” სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ მედიისთვისთვის კომენტარი გააკეთა იშმეთ ილმაზმა. როგორც მან აღნიშნა, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები უკვე მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს და შეხვედრაზე განხილული იქნა მნიშვნელოვანი საკითხები. მისივე თქმით, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ჩამოყალიბებული ეს ურთიერთობები მნიშვნელოვანი საფეხურია და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება წაადგება სამმხრივ ურთიერთობებს და რეგიონულ თანამშრომლობას.
მისივე თქმით, შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან ერთად განხილულ იქნა სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე საერთაშორისო და რეგიონული საკითხები.
“სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განვაცხადეთ, რომ ეს არის კარგი მექანიზმი, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თავდაცვის სფეროში შეთანხმების მემორანდუმზე მუშაობა გაგრძელდეს და მისი ხელმოწერით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება თანამშრომლობის სფეროში. სამივე ქვეყანა მოწადინებულია, რომ რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა იყოს”, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, შემდეგი შეხვედრა გაიმართება თურქეთში შემოდგომაზე.
პრესიისთვის კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ ჰასანოვმა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე შეიარაღებული ძალების განვითარებასთან დაკავშირებით საინტერესო მესიჯები იქნა გამოთქმული.
“მე რეგიონში არსებულ საფრთხეებზეც მივანიშნე და აღვნიშნე, რომ სომხეთი გახლავთ ერთადერთი სახელმწიფო რეგიონში, რომელიც სამივე სახელმწიფოს მიმართ აყენებს ტერიტორიულ პრეტენზიებს. იგი ახდენს არა მარტო ტერიტორიის ოკუპაციას, არამედ ისტორიული ძეგლებისაც. ჩვენ ამ მიმართულებით ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ”, – განაცხადა ჰასანოვმა.
ერთდღიანი სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღებს. დაგეგმილია მეზობელი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა. თურქი და აზერბაიჯანელი სტუმრები სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმსაც ესტუმრებიან.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი: ამ მიმართულებით ჩვენ სრული მხარდაჭერა მივიღეთ“
შემდეგი სტატიაუმცირესობა პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევაში მონაწილეობას არ აპირებს