,, მინდა სრულად გავემიჯნო იმას, რომ ვინმე ხელში იგდებს “რუსთავი2″-ს”

მინდა სრულად გავემიჯნო იმას, რომ ვინმე ხელში იგდებს “რუსთავი2”-ს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპარლამენტარების განცხადების შესახებ დასმული შეკითხვისას განაცხადა, რომელიც ეხებოდა იმას, რომ “რუსთავი 2”-ის შესაძლო ხელში ჩაგდების მცდელობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პროცესებს.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით კერძო დავა მიმდინარეობს.
” “ჩვენი ხელისუფლება არანაირ მონაწილეობას არ იღებს ამაში. ეს არის კერძო დავა – ორი დამფუძნებელი ერთმანეთში დაობს. მათ უნდა გაარკვიონ და სასამართლომ უნდა გაარკვიოს ეს ყველაფერი. რაც შეეხება თვითონ სარედაქციო პოლიტიკას, ქვეყანაში ნებისმიერ სარედაქციო პოლიტიკას აქვს უფლება, რომ იყოს, მათ შორის სუბიექტურს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ევროპარლამენტის წევრები საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ.
“გვსურს გამოვხატოთ ღრმა შეშფოთება საქართველოში ახლახან განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს.
უკიდურესად გვაღელვებს საქართველოს წამყვანი და ყველაზე პოპულარული, დამოუკიდებელი ტელეარხის “რუსთავი 2″-ის შესაძლო ხელში ჩაგდება და შესაბამისად, მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.
ჩვენი მოსაზრებით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეზღუდავს პოლიტიკურ არეალს და საფრთხეს უქმნის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას.
კვლავ შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ გრძელდება ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერთა და წევრთა სამართლებრივი დევნა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ექს-პრეზიდენტის, თავდაცვისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრების, თბილისის ყოფილი მერისა და ადგილობრივი ხელმძღვანელების ჩათვლით.
შეშფოთებას გამოვთქვამთ წინასასამართლო დაკავების ხშირად ბოროტად გამოყენების მრავალი ფაქტის, საგამოძიებო ქმედებებში პოლიტიკური ჩარევის, მოსამართლეთა პოლიტიკური ნიშნით წინასწარ შერჩევისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის სისტემატურად დარღვევის გამო”, – ნათქვამია ღია წერილში. მასში ასევე საუბარია “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულ ოფისებზე თავდასხმებზე და მმართველი კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან სტალინის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლება გაურბის პოლიტიკურ ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბარს”
შემდეგი სტატია,,აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გვიმტყუნა. მთავრობა, ღარიბაშვილი არაფერს აკეთებს”