“მივმართავთ დე-ფაქტო და დე-იურე პრემიერებს, შეწყვიტეთ ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე” – 11 პარტიის ერთობლივი განცხადება

11 არასაპარლამენტო პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ხელისუფლებას მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ და “დე-ფაქტო და დე-იურე პრემიერებს” მოუწოდებენ, შეწყვიტონ სიტყვის თავისუფლებასა და მედიაზე შეტევა.

ეს განცხადება 11-მა ოპოზიციურმა პარტიამ ტელეკომპანია იმედის მიერ ორი თოქშოუს დახურვასთან დაკავშირებით გააკეთა.

“ამ პროცესს წინ უძღოდა ასევე დამოუკიდებელი არხის – რუსთავი2-ის წინააღმდეგ წამოწყებული ვითომ სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგად არხის ქონება დაყადაღდა და რომლის უკან აშკარად იკვეთება ხელისუფლების კვალი და მისი მიზნები. ასევე, დღემდე არადემოკრატიული ფორმებით, ხელისუფლების ჩარევით ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირება. ამ ფაქტებს ცალსახად ვაფასებთ როგორც ხელისუფლების ზეწოლას დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობის მტკიცებას, რომ ეს არის არხის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება – შეუძლებელია ლოგიკურად აიხსნას, რატომ უნდა დახუროს დამოუკიდებელმა არხმა ყველაზე მაღალრეიტინგული და კომერციულად მომგებიანი გადაცემები,” – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკური პარტიები ამ განცხადებაში იმედის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, რომ “არ დაემორჩილონ ხელისუფლების ზეწოლას”.

ასევე მიმართავენ მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, რომ შეწყვიტონ მედიაზე ზეწოლა.

“მივმართავთ დე-ფაქტო და დე-იურე პრემიერებს, შეწყვიტეთ ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც ქვეყანას ახალი სამოქალაქო დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციისკენ მიაქანებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო საზოგადოებას კი რეაგორებისკენ მოუწოდებენ.

“მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო ყურადღება მიექცეს საქართველოში ავტორიტარიზმის მზარდ გამოვლინებებს. სამწუხაროდ, ქვეყანა, რომელმაც 1 წლის წინ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, შეუჩერებლად მიექანება არადემოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებისკენ, რაც ეჭვქვეშ აყენებს დემოკრატიის დამკვიდრების პროცესის შეუქცევადობას საქართველოში,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკოალიცია “ქართული ოცნება” საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება” – რეაქციისა და იმედის კვირის განცხადება