„მივმართავთ აზერბაიჯანის მხარეს, რომ სასწრაფოდ იქნას ეს ფაქტი გამოძიებული“

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქალაქ გაბალაში სტადიონზე მომხდარ ინციდენტს პროვოკაციად აფასებს.

მისი თქმით, ეს თბილისში მომხდარის საპასუხო ქმედება იყო. ელჩის განმარტებით, ეს პროვოკაცია წყალს ასხამს იმ ძალების წისქვილზე, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განხეთქილების შეტანით არიან დაინტერესებულნი.

„ეს იყო საპასუხორ რეაქცია იმისა, რაც თბილისში მოხდა. ჩვენ სასწრაფოდ მივმართავთ, რომ აღიკვეთოს ასეთი მოვლენები, რათა შემდგომში აღარ განმეორდეს. მივმართავთ სამართალდამცველ ორგანოებს და აზერბაიჯანის მხარეს, რომ სასწრაფოდ იქნას ეს ფაქტი გამოძიებული“, – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს. ინცინდენტი UEFA-ს ევროპის ლიგის საპასუხო შეხვედრისას მოხდა, როდესაც „გაბალა“ თბილისის “დინამოს” მასპინძლობდა.

თავდაპირველად მოედანზე აზერბაიჯანის დროშა გამოიფინა, მის შემადგენლობაში კი რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული. მოგვიანებით ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელებით პლაკატები გამოჩნდა, საქართველოს დროშას კი ცეცხლი შეხვედრის დასასრულს წაუკიდეს.

მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას აპირებს კლუბი „დინამო“. კლუბ „გაბალას“ მთავარი მწვრთნელი კი აცხადებს, რომ ის კატეგორიულად ემიჯნება ფაქტს და მომხდარში დამნაშავე პირები უნდა დაისაჯნონ.

აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები 2 ივლისს, საქართველოში, “დინამო თბილისი”-“გაბალას” თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა პლაკატი წარწერით – “ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921” გამოფინეს.

banner
წინა სტატიაში„უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს, რადგან აშკარა პროვოკაციის სუნი უდის გაბალაში მომხდარ შემთხვევას“
შემდეგი სტატია“თბილისის ოლიმპიური ფესტივალისთვის, ყველა ობიექტის მშენებლობა დასრულებულია”