მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს

მთავრობამ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მინისტრთა კაბინეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განუცხადა, ახალი ზოოპარკის მშენებლობის პირველი ეტაპის ფარგლებში შესაბამისი ტერიტორია შემოიღობება და მერია შესაბამის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
“დღეს საქართველოს მთავრობისგან მივიღეთ თანხმობა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის დაწყებას შეეხება. კერძოდ, პირველი ეტაპი ზოოპარკის ტერიტორიის შემოღობვას ითვალისწინებს, რისთვისაც 5-დღიანი ვადით გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება და, რომელშიც დაინტერესებულ კომპანიებს შეეძლებათ მონაწილეობა. მე მოვუწოდებ განსაკუთრებით ძლიერ და გამოცდილ კომპანიებს, ჩაერთონ ამ ტენდერში”, – განაცხადა ნარმანიამ, რომლის ინფორმაციითაც, საუბარია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკისთვის 47 ჰექტრის შემოღობვაზე.
მისივე განმარტებით, ახალი ზოოპარკის გახსნამდე ფუნქციონირებას აღადგენს ძველი ზოოპარკი, რასაც მერია უახლოესი 10 დღის განმავლობაში გეგმავს.
“ახალი ზოოპარკის მშენებლობა საკმაოდ შრომატევადი და კომპლექსური ღონისძიებაა, რასაც ჩვენ ეტაპობრივად განვახორციელებთ, თუმცა ვიდრე ახალი ზოოპარკი გაიხსნება, უახლოეს ათ დღეში ვგეგმავთ ძველი ზოოპარკის გახსნას, სადაც სტიქიას გადარჩენილი ცხოველები და ფრინველები არიან მოთავსებულნი”, – აღნიშნა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: საკონსტიტუციო ცვლილებები მარტივი პროცესი არ არის
შემდეგი სტატიაუმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვა არ მოხდება