მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

კანცელარია

დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გვინდა მოგაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: მიუხედავად იმისა, რომ მინისტრების დანიშვნა პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლებაა, ახალი კანდიდატების წარდგენამდე ირაკლი ღარიბაშვილმა კონსულტაციები გაიარა კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან.  ბუნებრივია, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგინოს.

საქართველოს მთავრობა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, თუმცა რადგან პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ხელახალი ნდობა ჯერ ვერ გამოუცხადა, ეს ქმნის გარკვეულ უხერხულობას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც სულ რამდენიმე დღეში 13 მაისს, მთავრობამ თბილისში EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას უნდა  უმასპინძლოს. 21-22 მაისს ტარდება რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რისი მოსაზადებელი ვიზიტები სწორედ მომავალ კვირას არის დაგეგმილი: ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში მიემგზავრება; ვიცე-პრემიერი კახა კალაძე – გერმანიაში; იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი – საფრანგეთში, ბელგიასა და ესტონეთში; დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი – თურქეთში; საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი – გერმანიაში, ბელგიაში, თურქეთსა და სლოვაკეთში; ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური – აზერბაიჯანში; შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური – გერმანიაში; სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე – ესპანეთსა და დანიაში;

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მომავალი კვირიდან დაგეგმილი აქვს უმნიშვნელოვანესი შეხვედრები, აშშ-ის სენატის დელეგაციასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, EBRD-ის პრეზიდენტთან, გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან, ატლანტიკური საბჭოს დელეგაციასთან, ასევე პრემიერი გახსნის EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას, რომელსაც 60-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი და 2 ათასზე მეტი ბიზნესმენი დაესწრება.

ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საქმეა თბილისმა ღირსეულად უმასპინძლოს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, როგორიც არის EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა, რომელმაც საქართველოს კონკრეტული შედეგები უნდა მოუტანოს. მთავრობა ასევე ემზადება რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის და სწორედ ამ ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობდა პრემიერ-მინისტრის მიმართვა, ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურების დაჩქარებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გარემოებების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ 29 აპრილს ისაუბრა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს, მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურების დაჩქარების თხოვნით მიმართა.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული გარემოებები მისაღები იყო საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებისთვის და, წინასწარი კონსულტაციების შედეგად, ისინი მზად იყვნენ, მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება შაბათს, 2 მაისს  დაგეგმილ რიგგარეშე სესიაზე მომხდარიყო.

ასევე აღსანიშნავია, რომ წინასწარი კომუნიკაცია იყო მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. კომუნიკაცია შედგა პრემიერსა და პრეზიდენტს შორისაც. დასანანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა ჩამოთვლილი ობიექტური გარემოებები, რითაც პროცესი ტექნიკურად შეფერხდა და ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურა ერთი კვირით გადაიდო.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, სრულიად ჩამოყალიბებულია და მთავრობა მზად არის, ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურა მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს.

 

 

banner
წინა სტატიაში“ყვირილით ეს საქმე არ წყდება”–ბიძინა გიორგობიანი
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: ლარის გაცვლით კურსზე მოქმედებს ძალიან ბევრი ფაქტორი