მთავრობის ადმინისტრაციაში ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტთან დაკავშირებულ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება

საქართველოს მთავრობა და საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში, მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებენ.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმმძღვანელობით შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და ფონდ “ქართუს” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
უფრო კონკრეტულად, როგორც ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ორგანიზაციები, რომლებთანაც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”, ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებისა და განვითარების სფეროში ითანამშრომლებენ, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN), იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრი (CNAO) და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი (INFN) არიან.
მათივე განმარტებით, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CERN-ის სამეცნიერო დირექტორი სერჯიო ბერტოლუჩი, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველი ქრისტოფ შეფერი, იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრის გენერალური მენეჯერი სანდრო როსი და ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტი ფერნანდო ფერონი საქართველოში სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდნენ.
“CERN, CNAO, INFN ქართულ მხარეს ექპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და ფუნქციონირების საქმეში მიღებულ გამოცდილებასა და ცოდნას გაუზიარებენ; აღნიშნული ორგანიზაციები ქართულ მხარეს გადასცემენ ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის საპროექტო დოკუმენტაციას, ასევე გამოყოფენ სათანადო გამოცდილების მქონე ექსპერტებს, რათა ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ფუნქციონირება ეფექტურად დაიწყოს. მხარეები ითანამშრომლებენ სტუდენტების და მკვლევარების მომზადების, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში”,- აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ, საკანონმდებლო ინიციატივის სახით, პარლამენტში უკვე შეიტანა “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის შესახებ” კანონპროექტი, რომლის საფუძველზე ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი უნდა დაფუძნდეს. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ადრონული თერაპიის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების ინიციატივა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის თბილისში ფონდი “ქართუ” ააშენებს. ამ ორი პროექტის ჯამური ღირებულება საორიენტაციოდ ნახევარ მილიარდ დოლოლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჩვენ ბუნებრივ აირს რუსეთიდან წლებია ვიღებთ, ეს პროცესი გუშინ არ დაწყებულა