მთავრობა სოფლის სახლების – საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას გეგმავს

იუსტიციის სამინისტრო 13 სოფელში საზოგადოებრივი ცენტრების აშენებას იწყებს.  წულუკიანის განმარტებით, უწყებამ მთავრობისგან თანხმობა მიიღო, რომ გურიაში, ქვემო ნატანებში, სამეგრელოში საოკუპაციო ზოლთან ორსანტიაში, დაბა კაზრეთსა და ყვარლის რაიონში მშენებლობები იანვარშივე დაიწყოს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ე.წ. სოფლის სახლებში სოფლის მოსახლეობა 200-მდე საჯარო და კერძო სერვისს იღებს.

მისივე თქმით, სადაც კლიმატი ამის საშუალებას იძლევა, მშენებელობა იანვარ-თებერვალში დაიწყება.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშენებლობები წლის ბოლომდე დასრულდეს. ეს საშუალებას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდობის სოფლად დამაგრებას და საქმიანობის სოფლად წარმოებას, რადგან სოფლის სახლებში ჩვენ მათთვის ბიბლიოთეკას, უფასო ინტერნეტს და სხვა სერვისებს ვაკეთებთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ ცენტრებში მოსახლეობას შეუძლია იმაზე მეტი სერვისის მიღება, რასაც ქალაქის მოსახლეობა იუსტიციის სახლებში იღებს.

„მაგალითად, სოფლის მეურნეობის სერვისები ჩვენ იუსტიციის სახლში არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს სოფლის სახლებში, რადგან ეს სოფლის მოსახლეობისთვის საინტერესოა. სოფლის სახლი გაცილებით მდიდარია სერვისებით, ვიდრე იუსტიციის სახლები. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ იუსტიცის სახლების მშენებლობა წელს გაგრძელდება და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს მოხდება მთიან რეგიონებში – ყაზბეგში, თიანეთსა და ბორჯომში“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი “გაზპრომის” გეგმებით გაკვირვებულია
შემდეგი სტატიაკაპიტოლიუმზე თავდასხმის დაგეგმვისთვის “მარტოხელა მგელი” დააკავეს