მთავრობამ მიგრაციის მონაცემთა ფორმირების წესი დაამტკიცა

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისები თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველა სხდომათა დარბაზში იქნება ხელმისაწვდომი

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირებისა და ადმინისტრაციის წესი დამტკიცდა.

დადგენილების მიზანი მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ბაზისა და ანალიტიკური სისტემის შექმნაა, რაც აუცილებელია მიგრაციული პროცესების მართვისათვის. დოკუმენტი განსაზღვრავს მონაცემთა წარდგენასა და ანალიზზე პასუხისმგებელ უწყებებს. პროექტის თანახმად, სისტემის შექმნასა და ადმინისტრირებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შესახებ არსებული მონაცემების შეგროვების შემდეგ დაადგენს მიგრაციის ტენდენციებს, განახორციელებს სათანადო ანალიზს და ხელს შეუწყობს შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებას.

მიგრაციული პროცესების მართვა გეოპოლიტიკური მდებარეობისა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნათა გათვალისწინებით საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვეყანას უკვე აქვს მიგრაციის ახალი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 15 მარტს დაამტკიცა.

ეფექტური მიგრაციული პოლიტიკის განხორციელება მხოლოდ სრულ და კარგად გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზეა შესაძლებელი, მიგრაციული პროცესების მართვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად კი მნიშვნელოვანია მონაცემთა შეგროვება მიგრანტთა სტატუსის შესახებ. დღეისათვის არ არსებობს ერთიანი ბაზა, რაც ართულებს სხვადასხვა უწყების მიერ თავმოყრილი ინფორმაციის გაცვლას, მონაცემთა ანალიზს, სანდო სტატისტიკის წარმოებას.

banner
წინა სტატიაში„რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის მხოლოდ ალტერნატიულია“
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი საქართველოს 20 ივლისს ეწვევა