“მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ, შევისწავლოთ და განვიხილოთ ყველა პრობლემა”

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში „სამხრეთ გაზის დერეფნის“ განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს.

მინისტერიალში „სამხრეთ გაზის დერეფნის“ განხორციელებაში ჩართული ქვეყნები მონაწილეობენ.

მხაარებმა შეხვდრაზე „სამხრეთ გაზის დერეფნის“ რეალიზების, „შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის ამოქმედებისა და ევროკავშირისათვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების ალტერნატიული მარშრუტის განვითარებასა და მის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

„მიხარია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ, შევისწავლოთ და განვიხილოთ ყველა პრობლემა, მათი გადაჭრის გზები და ამ მხრივ წვლილი შევიტანოთ იმ საერთო მიდგომის ჩამოყალიბებაში, რომელიც “სამხრეთ გაზის დერეფნის” პროექტის შეუფერხებლად განვითარების აუცილებელი წინაპირობაა”, – განაცხადა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინსიტრი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო საქართველოს როლს „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის განხორციელებაში. მისი თქმით, „სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები გაცილებით მასშტაბურია და უაღრესად მნიშვნელოვანი , როგორც პროექტში ჩართული სხვა ქვეყნებისათვის – ასევე საქართველოსთვის. ინვესტიციები, დასაქმება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა სწორედაც რომ არის ის შედეგი, რასაც ჩვენ ყველა ველოდებით.

შეგახსენებთ, რომ შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც 400 მლნ აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში მოხდება.

პროექტი მშენებლობის ეტაპზე 2000, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის. შედეგად 2019 წლიდან საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად.

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის სამუშაო ვიზიტი ბაქოში ორდღიანია და 13 თებერვალს დასრულდება.

ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძე უკვე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ენერგეტიკის საკითხებში და მსოფლიოში ნავთობისა და გაზის სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის BP-ის წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაშილეიბორისტები ბიძინა ივანიშვილს “ქართუ ბანკიდან” დაბალპროცენტიანი სესხების გაცემას სთხოვენ
შემდეგი სტატიაწალენჯიხა და ენერგო პრო ჯორჯია+ ფოტო