მედიის წარმომადგენლები მაუწყებელთა შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ

“მაუწყებელთა შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას მედია ორგანიაციების წარმომადგენლები, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, დავით პატარაია ესწრება.

ეს ცვლილებები აწესებს შეზღუდვას სარეკლამო შემოსავლებზე. მედიის წარმომადგენლების უმრავლესობა ახალ რეგულაციებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ ის ფინანსურ დარტყმას მიაყენებს საქართველოში მოქმედ მედია კომპანიებს.

მედიის წარმომადგენლებისთვის ასევე მიუღებელია არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება და მიღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის ერთ-ერთ პირობაა.

“რუსთვი2″-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნა 3-5 წლიან ვადებს ითვალისწინებს და მისი ფორსირებული მიღება პარლამენტის მიერ მიუღებელია, რადგან მედია ორგანიზაციები ვერ შეძლებენ ახალ რეგულაციებზე მორგებას.

„მედია არის სენსიტიური და ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, მედიის დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დემოკრატიის პულსი და იმ შემთხვევაში თუ, ჩვენ ამ რეგულაციებს მივიღებთ, საქართველოში მედია დაკარგავს ფინანსურ და მაშასადამე, სარედაქციო დამოუკიდებლობას,”-აცხადებს გვარამია.

კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება ტელეკომპანიების უდიდესი ნაწილი. ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სპონსორობა მედიაში უკვე აზრს კარგავს, რაც დიდი დარტყმა იქნება მედია ორგანიზაციებისათვის.

კანონმდებლებს მედია-სპეციფიკის არცოდნას უწუნებს ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებელი.

„ცოტა რთულია როდესაც ამაში ერთვებიან დეპუტატები, რომლებმაც არ იციან პრაქტიკული კუთხეები სატელევიზიო ფუნქციონერების და ჩვეულებრივი მაყურებლის მხრიდან უყურებენ და აწუხებთ ბევრი რეკლამა,“ – განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ.

banner
წინა სტატიაშიკადიროვმა მოსახლეობას მოუწოდა Instagram-ით არ ისარგებლონ
შემდეგი სტატიადაადებს თუ არა პრეზიდენტი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტს ვეტოს?!