მარგველაშვილი მზად არის პარლამენტში პოლიტიკურ დებატებში მიიღოს მონაწილეობა

გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ

პრეზიდენტი მზად არის პარლამენტში დებატებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა და თქვა, რომ ფორმატი პარლამენტში გადასაწყვეტია, მაგრამ სასურველი იქნება გაიმართოს დებატები.

„კონსტიტუციის შესაბამისად პრეზიდენტი ანგარიშს წარადგენს სახელმწიფოს მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ფორმატი პარლამენტის გადასაწყვეტია, თუმცა პრეზიდენტმა არა ერთხელ დააფისქირა მისი მზადყოფნა პოლიტიკურ ფორმატში მონაწილეობისთვის,“ – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

დეპუტატები უკვე პრეზიდენტის წლიური ანგარიშის ფორმატზე მსჯელობენ. უმრავლესობის ლიდერს გია ვოლსკის არ მოსწონს პრეზიდენტთან დებატების ფორმატი, ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს ტრადიცია უნდა შენარჩუნდეს.

„თვითონ ეს ტერმინი დებატები არ შეეფერება პრეზიდენტის მოსვლას პარლამენტში რომელიც წელიწადში ერთხელ ხდება,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს, კი უმრავლესობის საპირისპირო პოზიცია აქვს და აცხადებს, რომ დებატები უნდა ჩატარდეს.

„აქ არ არის საუბარი პრეზიდენტთან დებატებზე აქ საუბარია პოლიტიკურ ძალებს შორის დებატებზე, რომლებმაც უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე. საზოგადოებამ უნდა უსმინოს და გამოიტანოს დასკვნები.“ – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

იგივე პოზიციას იზიარებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურაბ ჯაფარიძეც, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის დასწრების საკითხზეც საუბრობს.

„უნდა აღდგეს დებატების ტრადიცია, რომელსაც მოყვება შემდეგ უმრავლესობისა და უმცირესობის გამოსვლებიც. რაც შეეხევა მთავრობის პარლამენტში არ მისვლას, ეს არის კინკლაობა მთავრობასა და პარლამენტს შორის, კონკრეტულად ივანიშვილსა და პრეზიდენტს შორის,“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
შემდეგი სტატია„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით სემეკი ხვალ ბიზნესმენებს შეხვდება