მამუკა ჩარკვიანი: „ჩემი ყველა საქციელი რაღაც სიგიჟესთანაა კავშირში!

 

პრემიერის გადაწყვეტილებით მამუკა ჩარკვიანის საზღვარგარეთ ოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავს!არიან ადამიანები, რომელთან მეგობრობა კი არა, უბრალოდ, ნაცნობობაც დიდი ბედნიერებაა. შეიძლება, გადაჭარბებულ ნათქვამად ჩამითვალოთ, მაგრამ ის ჩემი მეგობარია. ყოველ შემთხვევაში, შემიძლია, ნებისმიერ დროს დავურეკო, ვესტუმრო… ვიცი, ყოველთვის გულღთიად შემხვდება და ისე არ გამომიშვებს, მინი-კონცერტი რომ არ გამართოს… ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება და ავსტრიიდან, სადაც სამკურნალოდ რამდენიმე დღეში გაემგზავრება, აბსოლუტურად ჯანმრთელი დაბრუნდება!

…მამუკა ჩარკვიანს რამდენიმე დღის  წინ ვესტუმრე. ბევრი ვილაპარაკეთ. ისიც ვკითხე, ჭეშმარიტი შემოქმედი გიჟი უნდა იყოს თუ არა-მეთქი. „აუცილებელი არაა, მაგრამ წყნარი შემოქმედი არ მინახავსხანდახან მეც არაორდინალური ვარ. ბოლოს და ბოლოს, მეორე სართულიდან გადმოვხტისაერთოდ, თავისუფალი კაცი ვარო,“ – მომიგო… ხანმოკლე პაუზის მერე კი, დასძინა, ჩემი ყველა საქციელი რაღაც სიგიჟესთანაა კავშირში, მაგრამ ამავე დროს, კანონმორჩილიც ვარ.

არ გაინტერსებთ, მამუკა ჩარკვიანი დემოკრატიასა და თავისუფლებაზე რას ფიქრობს? ჰოდა, მოუსმინეთ გენიალურ მომღერალსა კომპოზიტორს:

მამუკა ჩარკვიანი: „ჩემი ყველა საქციელი რაღაც სიგიჟესთანაა კავშირში!

„- დემოკრატია და თავისუფლება ურნიდან იწყება. ამას დღეს ამბობენ, მე კი 15 წლის წინ, ჩემს ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში ვთქვი.. კომუნისტების ქალაქის კულტურის განყოფილებაში ვმუშაობდი, მაგრამ ვერ შევეგუე და წამოვედი… სხვათა შორის, კომკავშირში რომ ვიყავი, ტრაქტორი ჯართში ჩავაბარე და ამის გამო გამომიშვეს…

იცი, კომკავშირში როგორ მოვხვდი? მეტეხის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილედ ვმუშაობდი. თეატრი ცეკა-მ წაიღო და ასე აღმოვჩნდი მთაწმინდის რაიონის კომკავშირის კულტურის სამსახურში, თუმცა ნიშანი არ მკეთებია, ცხონებული შარტავა დამდევდა ხოლმე. ბოლოს, თქვა, ჩარკვიანს ეპატიებაო… დისიდენტი არ ვიყავი, უბრალოდ, არ `მევასებოდა~,  გულმკერდზე რაღაც მკიდებოდა… შინ მაკარტნისა და ლენონის სურათები მაქვს გაკრული, მაგრამ გულზე ვერავის სურათს დავიკიდებ…

მერე, ცოტა ხანი ლიტერატურის მუზეუმში ვიმუშავე. ლიტერატურა დედაჩემმა ბავშვობიდან შემაყვარა… მერე, ქალაქის კულტურის განყოფილებაში ვიყავი. ბოლოს, ვთქვი, მივდივარ-მეთქი. სადო. სად და სიმღერას ვიწყებ-მეთქი. სცენაზე პირველად რომ გამოვედი, უკვე 40 წლის ვიყავი… ბიჭებმა დაიჩემეს, პირველ რიგში მერაბ სეფაშვილმა, უნდა იმღეროო, სახლშიც მითხრეს… მეც მინდოდა, ერთი კონცერტი ჩამეტარებინა და ჩემი სიმღერები საჯაროდ გამომეტანა. ხელი გია მაჭარაშვილმაც შემიწყო, თუ რამე გაქვს, მომიტანე და გაგიორკესტრებო. სხვათა შორის, გია დღემდე უანგაროდ მემსახურება, ასევე ირაკლი ქაცარავაც…“

მამუკა ჩარკვიანმა პირველი სიმღერა 17 წლის ასაკში მამის, სახალხო პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე –  `ჩამოთოვა ისევ~ დაწერა. საერთოდ, მამუკას ყველა სიმღერა ჯასუღის ლექსზეა შექმნილი.

მამუკა ჩარკვიანი:  „- მაშინ შეყვარებული ვიყავი… ბაბუაჩემთან ერთად, ბაკურიანში ვისვენებდი… პირველი სიმღერა სიყვარულმა დამაწერინა, მერე კი, ტკივილი მაწერინებს. მაგალითად, `მაგრად დაჰკარით~. `მაღლა და მაღლა~ კი ჩემი ხალხისთვის შეძახილია. საერთოდ, ბევრი შეძახილი მაქვს დაწერილი, აი, თუნდაც `გავაზაფხულებთ~, მაგრამ არაფერი გამოდის…“

მომღერალი პოლიტიკაში არასოდეს ჩარეული, თუმცა ზუსტად იცის, რომ საქართველოს მომავალი დასავლეთი და ევროატლანტიკური სტრუქტურებია:

„ნეიტრალური უნდა ვიყოთო, მაგრამ შვეიცარია ვერ გავხდებით… იმის დაშვებაც კი მზარავს, ისევ რუსეთთან წავიდეთ. რუსმა ჩვენი ფასი ვერ გაიგო. ბოლოს და ბოლოს, ამხელა ომი მოხდა და შერიგება ცოტა შეუძლებელია. არ ვიცი, ვინ დაიწყო, ვინ პირველმა გაისროლა. ისიც უნდა იცოდე, პროვოკაციას რა შეიძლება მოყვეს. მიუხედავად იმისა, რომ კარგ რუსულ რომანსებს ვმღერი და დოსტოევსკიც რუსულად მაქვს წაკითხული, რუსეთისკენ ვერ გავიხედავ!  მახსოვს, მამაჩემი 100-100 გრამ ძეხვსა და ყველს როგორ ყიდულობდა. სულ მიკვირდა და ვეკითხებოდი, მამა, ხვალ ხომ კიდევ უნდა იყიდო და დღეს სამასი იყიდე-მეთქი. თურმე, ამდენი ფული არ ჰქონდა… `დილაში~ ხელფასი 120 მანეთი ჰქონდა. ჯანსუღი პატიოსანი კაცია და ოჯახის შესანახად 120 მანეთი არ ჰყოფნიდა… ისიც მახსოვს, დედაჩემი ბულიონს აკეთებდა და შიგ ქათმის თავ-ფეხი `ეგდო~ ხოლმე. თურმე, ვიღაცას უსწავლებია, ქათმის თავ-ფეხი იყიდე, ბავშვებს ბულიონი გაუკეთე და დანაყრდებიანო… მაშინ ამდენს ვერ ვხვდებოდი…“

მომღერლის აზრით, მამუკა ჩარკვიანობა ძნელია და აი, რატომ:

„- მამაჩემის სიტყვები მახსენდება, არ დაიჯერო, როცა გეტყვიან, რომ ძალიან მაგარი ხარო. რატომ-მეთქი. როგორც კი მაგას დაიჯერებ, ხელს გაგიშვებენ და დაეცემიო. ჰოდა, არ მჯერა, რომ მაგარი ვარ და ბევრ ჰონორარსაც არ ვითხოვ. მსმენელს არ ვუთვლი, 12 სიმღერას ვიმღერებ თუ 15-ს. როცა სიმღერა დავიწყე, ხალხმა რომ აიტაცა, ვატყობდი, ჯანსუღს სიამოვნებდა, მაგრამ ჯანსუღისგან მამაშვილური კოცნა ერთხელ მახსოვს: მამაჩემი მთვრალი მოვიდა. მეძინა, დედაჩემმა უთხრა, სძინავს, არ გააღვიძოო. ოთახში მაინც შემოვიდა. არ მეძინა, მაგრამ თავი მოვიმძინარე. ჯანსუღი საწოლზე ჩამოჯდა. მერე დაიხარა და მკერდზე მაკოცა. ჯანსუღი ის კაცი არაა, გითხრას, რა მაგარი ხარო… უბრალოდ გეტყვის, კარგიაო და გაივლის. საერთოდ, შვილი თამამად არ უნდა გაზარდო. მინახავს ოჯახები, სადაც ბავშვს ეუბნებიან, გენიოსი ხარო. არადა, მეც და თაკომაც, ცოტა გიჟები კი ვართ, მაგრამ  დავამტკიცეთ, რომ კარგი შვილები ვართ. ისე, დედაჩემიც ცოტა გიჟია – აბა, ჯანსუღს რომ გაყვები, შეიძლება, გიჟი არ იყო?!. აგერ, დიდი გენიოსიც მოდის – ირმა გიგანი…

ცხოვრება ომია! თუ გინდა, რომ იმ პლანეტაზე, სადაც იცხოვრე, ჯვარი დასვა, მეც აქ ვიყავიო, მაშინ დიდი ბრძოლის გადატანა მოგიწევს! თუ გინდა, რომ ლიდერი იყო ან სამეულში მაინც მოხვდე, მაშინ ცხოვრება, ყველა ვარიანტში, ომია! ცხოვრებას ომს ვერასოდეს მოუგებ! რაღაცებში შენს თავსა და სხვებს, ვინც გეჯიბრებიან და ატყობ, რომ მათზე უკეთესი ხარ, უნდა მოუგო!

…ვნანობ, რომ დანიისნაირ, უფრო დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოში ვერ ვიცხოვრე, თორემ ასე რომ ყოფილიყო, ჰონორარს სამ თვეში ერთხელ არ დაველოდებოდი და, ვთქვათ, `ფერარი~ მეყოლებოდა..

…6-7 საათზე ვიღვიძებ, ინსტრუმენტთან მივდივარ და ვმღერი. ჩემი ცოლი, ირმა მეუბნება ხოლმე, მეზობლებიო… ამიტომ, გიტარაზე გადავდივარ… მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი წუთიც არ შემიძლია _ ხანდახან მგონია, რომ დღის განმავლობაში ირმაზე, ჩემს დისშვილზე, მეტს ვუკრავ, ოღონდ, მისგან განსხვავებით, ნოტები არ ვიცი და ყველაფერს სმენით ვაწყობ.

პრემიერის გადაწყვეტილებით მამუკა ჩარკვიანის საზღვარგარეთ ოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავს!

…მთელი ბავშვობა მინდოდა, მამაჩემისნაირი ვყოფილიყავი. მამაჩემისნაირი ვერ გავხდი, ჩემნაირი ვარ, მაგრამ ვარსკვლავში ორნი ვართ _ მე და მამა. ეს ისტორიას დარჩება. მამა უზომოდ მიყვარს…

…დედაჩემის ლექსებზე სამი თუ ოთხი სიმღერა მაქვს, თუმცა ერთი ისეთია, ყველას უდრის – `სუყველაზე ლამაზი შენი თვალის ფერია~… მე თუ მკითხავ, ეს უკვდავი სიმღერაა…

ყველა სიმღერას ემოციით ვმღერი. მირჩევნია, ხმა არ მქონდეს და მაინც ცოცხლად ვიმღერო. მერაბ სეფაშვილმა ჩემზე გენიალური რამ თქვა, მამუკა სულ ცოცხლად იმიტომ მღერის, რომ ფონოგრამას პირს ვერ აყოლებსო. მერაბს ასეთი კომპლიმენტისთვის დიდი მადლობა გადავუხადე. ზოგიერთები რადიოს რომ ჩართავენ და მღერიან, უხერხულია… სიმღერა სპექტაკლია, შენ კი მსახიობი ხარ, გამოდიხარ და ოთხ წუთში ყველაფერი – პროლოგი, ეპილოგი, უნდა მოასწრო, თუმცა მიზანსცენით უნდა დაიწყო, მერე კულმინაცია და დასასრული. ეს რთულია და ვინც ვერ აკეთებს, ვურჩევ, არ იმღეროს…“

ვიდრე დავემშვიდობებოდი, ვკითხე, მამუკა, ლომი ხარ-მეთქი? ლომი ვარ, აბა, რა ვარ, – მომიგო… დიახ, მამუკა ლომია, ლომები კი, წინააღმდეგობას არასოდეს ეპუებიან! ასე რომ, ამჯერადაც ყველაფერი კარგად იქნება!

ვანო პავლიაშვილი სპეცილაურად 

banner
წინა სტატიაშიოდესის მერი გუბერნატორს უპირისპირდება…?
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს