მამუკა არეშიძე: ჯიჰადის გამოცხადების შემდეგ გამორიცხული არაა, რომ შეტევა საქართველოში, საელჩოებზე განხორციელდეს

ექსპერტი მამუკა არეშიძე ამერიკელი ექსპერტების იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, რუსეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციების დაწყებამ, შესაძლოა საქართველოზეც იქონიოს გავლენა.

როგორც მამუკა არეშიძემ „პირველ პრესკლუბში“ აღნიშნა, საფრთხეები რეალურად არსებობს და საქართველოს მთავრობამ, ამ საფრთხის სალიკვიდაციო სამუშაოები უნდა გაატაროს.მამუკა არეშიძემ იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რომელმაც შესაძლოა საქართველოზე გავლენა იქონიოს.

„გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ ვართ ამ მოვლენების აქტიურ პერიფერიაზე. საქართველო მდებარეობს იმ ორ ქვეყანას შორის, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობს, საუბარია რუსეთსა და თურქეთზე. საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები მონაწილეობენ ამ ომში. პოტენციურად იგულისხმება, რომ შესაძლოა, ისინი უკან დაბრუნდნენ. არსებობს ლტოლვილების ნაკადი, რომელიც ინტენსიური დღეს არ არის, მაგრამ ხვალ-ზეგ შესაძლოა გახდეს. ასევე, პრაქტიკულად სამოქალაქო ომის ნიშნებია იმ მოვლენებში, რომელიც თურქეთში, თურქებსა და ქურთებს შორის მიმდინარეობს. საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკონომიკური მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ზუსტად იმ ტერიტორიაზე გადის, სადაც შეტაკებები მიმდინარეობს. ყველა ეს ფაქტორი, შესაძლოა ერთი შეხედვით პასიური ჩანდეს იმასთან, რაც სირიაში ხდება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მოვლენები ისე განვითარდეს, რომ დაპირისპირების ელემენტები, კავკასიაში გადმოვიდეს. ჩვენ ვიცოდით, რომ აქტიურობის პიკზე ისლამური ხალიფატი აპირებდა შეტევების განხორციელებას შუა აზიისა და კავკასიის მიმართულებით. ეს ორი რეგიონი მისი ინტერესის სფეროში შედიოდა. დღეს კავკასიის სივრცეში არსებობს იმირატის პირველადი უჯრედები, არსებობს ხალიფატის პირველადი უჯრედები. არ არის გამორიცხული, რომ შესაბამისი ბრძანების გაცემის შემდეგ, ისინი გააქტიურდნენ. ამის მაგალითია ტერაქტის მცდელობა მოსკოვში, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეები სირიიდან დაბრუნებული ადამიანები იყვნენ. საქართველოს ინფრასტრუქტურას და მოსახლეობას უშუალოდ ხიფათი დღეს არ ემუქრება, მაგრამ ჯიჰადის გამოცხადების შემდეგ, არ არის გამორიცხული რომ შეტევა საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ უცხოურ წარმომადგენლობებზე, საელჩოებზე განხორციელდეს. ხიფათი არსებობს და საქართველოს შესაბამის სამსახურებს სერიოზული მუშაობა მართებს, რომ ამ ხიფათის ლიკვიდაცია მოხდეს“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა ექსპერტებმა საქართველოს მთავრობას მეტი სიფრთხილისენ მოუწოდეს. მათი მტკიცებით, რუსეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციების დაწყებამ, შესაძლოა საქართველოზეც იქონიოს გავლენა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ლექვინაძე: გიორგი არეშიძე მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას აგრძელებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჰააგის პროცესის განახლება შესაძლებლობაა, რომ საქართველომ მასშტაბური გამოძიების შედეგები წარადგინოს