,,მაიდანი საქართველოში შესაძლოა რუსული ჯარის შემოყვანით დასრულდეს”–თორნიკე შარაშენიძე

sharashenევრაზიულ კავშირს 31%, ნატო-ს 65%, ხოლო ევროკავშირს 68% ირჩევს. ეს შედეგი NDI-ს ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა მესამედზე მეტს საერთოდ არ აქვს ინფორმაცია ევროპასთან ასოცირების შესახებ, მესამედზე მეტს კი ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება ევრაზიულ სავაჭრო კავშირში სურს. ბევრი არც ამ კვლევით ორგანიზაციას ენდობა და იმასაც ამტკიცებს, რომ ხალხს ევრაზია და ევროკავშირი ხშირად ერთმანეთში ერევა, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს ალბათ არ იძლევა. რატომ შეიცვალა მოსახლეობის განწყობა საგარეო კურსთან მიმართებაში და არის თუ არა ეს პროცესი საკმარისი პირობა, ცოტა ხანში თბილისური მაიდანი ვიხილოთ _ ,,ვერსიისთვის” საინტერესო ანალიზი GIPA-ს პროფესორმა, ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილმა დირექტორმა და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტმა, თორნიკე შარაშენიძემ გააკეთა.
_ NDI-ს ბოლო კვლევით, ევრაზიულ კავშირში შესვლის სურვილი გამოკითხულთა მესამედზე მეტს ჰქონია. ძველ კვლევებს თუ ავიღებთ, რუსეთს მხოლოდ 10-12% ირჩევდა და ეს მაჩვენებელი გასამმაგებულია. რა მოხდა?
_ ეს ჯერ განაჩენი არ არის, მაგრამ ალბათ, პროცენტული მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, რადგან ამისთვის მშვენიერი პირობები არსებობს. პრორუსული ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ რუსული სპეცსამსახურებიდან ფინანსდებიან, გააქტიურდნენ. მათ კომფორტული გარემო აქვთ შექმნილი და რეალურად, მათ მოწინააღმდეგეებს უფრო ავიწროებენ. რუსული საინფორმაციო არხებიც ჩართულია და არც მათ გამორთვას ფიქრობს ვინმე.
_ სხვათა შორის, ამავე გამოკითხვით, უცხოურ არხებს შორის ყურებადობით, სწორედ რუსული არხები ლიდერობს. ეს რას ნიშნავს?
_ აქ საქმე მარტივადაა, რადგან უფროს თაობას, რომელმაც უცხო ენებიდან მხოლოდ რუსული იცის, რუსული არხების ყურება ურჩევნია. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რუსული გასართობი არხები და ესტრადა, ხარისხის თვალსაზრისით, ქართულს სჯობს. ეს მხოლოდ ჩვენი კი არა, სხვა ქვეყნების პრობლემაცაა _ ამ პლუსს რუსული მედიასაშუალებები კარგად იყენებენ და მაგალითად, ,,რაშა თუდეიმ” თავისი დეზინფორმაციული კამპანიით მთელი მსოფლიო წალეკა. გვესმის კატასტროფულად არასწორი არგუმენტი, ეს დემოკრატიის ნაწილია და რუსულ არხებს ვერ გავთიშავთო. თუმცა რაზეა საუბარი, როცა ჯერ ერთი, საქმე ოკუპანტი ქვეყნის არხებს ეხება და მეორე _ ისინი არღვევენ ყველა ფუნდამენტურ პრინციპს, ავრცელებენ დეზინფორმაციას, ცილს სწამებენ, ისმის ძალადობრივი მოწოდებები. ამ არხების სამართლებრივი არგუმენტით გათიშვა თავისუფლად შეიძლება, მაგრამ პოლიტიკური ნება არ არსებობს. ამ პირობებში, პრორუსული განწყობა უფრო გაიზრდება, თუმცა არ მგონია, 40%-ს გადააჭარბოს, თანაც, ალბათ, გამოკითხულთა ნაწილმა ისიც არ იცის, საერთოდ რა არის ევრაზიის კავშირი.
_ ეს არგუმენტიც მოვისმინე, რომ გაზრდილი მაჩვენებელი ცუდად ჩატარებული კვლევის შედეგია და ბევრს ევრაზიული კავშირი ევროკავშირში აერიაო.
_ არაა გამორიცხული, მაგრამ ეჭვი მაინც არ მეპარება, რომ ე.წ. პრორუსული სეგმენტი გაზრდილი იქნება.
_ როგორ ფიქრობთ, რეალურად, ამას ხელს თუნდაც გოგი თოფაძის ან ბიძინა ივანიშვილის განცხადებები შეიძლება უწყობდეს, თუ ეს მხოლოდ პოლიტიკური ლირიკაა?
_ მსგავსი განცხადებები მარტო ხალხზე კი არ მოქმედებს, რუსეთთან დაძმობილების მომხრეებსაც ათამამებს. გოგი თოფაძის განცხადებებზე უფრო შემაშფოთებელი ისაა, რომ კოალიციაში მისი ნათქვამი არავინ დაგმო. ეს უფრო უარესი სიგნალია პრორუსული ძალებისთვის, რომლებიც ახლა ფიქრობენ, რომ ,,ქართული ოცნებაც” პრორუსულია. ,,ოცნებაში” ასეთი პარტიები რომ იყვნენ, არც დაუმალავთ და 2012 წელსაც ვიცოდით. ახლა საქმე ისაა, მოიპოვებენ თუ არა ისინი კონტროლს კოალიციაში, რაც პარლამენტში, ალბათ, გაუჭირდებათ. მადლობა ღმერთს, იქ ნაციონალები, ალასანიას პარტია და რესპუბლიკელები არიან. მთავარი კითხვა ახლა ესაა _ მოიპოვებენ თუ არა პრორუსული ძალები კონტროლს პარლამენტზე. თუმცა, რომც მოიპოვონ, ჯერ გააქტიურებას მაინც ვერ გაბედავენ, რადგან მოსახლეობის ყველაზე დიდი, მობილიზებული, მოტივირებული და განათლებული ნაწილი პროდასავლურია და ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას არ დაუშვებს. მერე შეიძლება მაიდანი მოხდეს, ,,ოცნებამ” კი ყვირილი დაიწყოს, ყველაფერი ნაციონალებმა დაიწყესო.
_ ვერ გავიგე, რატომ უნდა მოეწყოს მაიდანი, თუკი მოსახლეობის მესამედს ევრაზიულ კავშირში შესვლა სურს. მოვლენებს ასე ვინ შეცვლის, კრიტიკული უმცირესობა?
_ ქვეყანაში მართლა მაიდანს მივიღებთ და ეს ოპოზიციის ბრალი არ იქნება. ამას კი სტუდენტობა, განათლებული ადამიანები, არასაბჭოური გაგებით ინტელიგენციის წარმომადგენლები არ დაუშვებენ. თავისი არსით, მაიდანი არის გზა, მშვიდობიანად აიძულო ხელისუფლება, საგარეო კურსი შეცვალოს.
_ თუმცა ახლა მაიდანი, ,,ნარინჯისფერ წარმატებაზე” მეტად, ომსა და სისხლისღვრასთან ასოცირდება.
_ მერედა, ვინ მიიყვანა სისხლისღვრამდე ვითარება _ პრორუსულმა ხელისუფლებამ უკრაინაში! მაიდანი საქართველოში, ბუნებრივია, კატასტროფის ტოლფასი იქნება, რადგან შესაძლოა, ყველაფერი რუსული ჯარის შემოყვანით დასრულდეს. არგუმენტი კი ის იქნება, რაც კიევში მოხდა, იგივეს თბილისშიც ვერ დავუშვებთო.
_ პრობლემის სათავე არასათანადო იფნორმირებაშია. გამოკითხულთა 30%-მა საერთოდ არ იცოდა, რას ნიშნავს ევროპასთან ასოცირება. თუკი ამდენი პროდასავლური ძალა და ძლიერი ოპოზიციაა ქვეყანაში, სადაც ასოცირების ხელმოწერის მერე დიდი საინფორმაციო კამპანია იგეგმებოდა, სადაა ახლა ეს დუღილი?
_ ვერანაირ დუღილს ვერ ვხედავ. ამ ეტაპზე, ეს საქმე, უწყებრივად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატს ევალება. ეს აპარატი კი ძალიან მცირეა, მას მხოლოდ ევროკავშირისა და ნატო- ს საინფორმაციო ცენტრები და რამდენიმე ფილიალი აქვს. ეს კი საქმეს ვერ უშველის, როცა უმრავლესობის ცნობადი და გავლენიანი დეპუტატი თოფაძე, რომლის ლუდს ბევრი უფულო ადამიანი სვამს, ასეთ განცხადებებს აკეთებს! სხვა უწყებები კი თავს არც იწუხებენ. 2006 წელს, როცა მხოლოდ ნატო- ს საინფორმაციო ცენტრი არსებობდა და მისი დირექტორი ვიყავი, ბევრად მეტი მხარდაჭერის პირობებში, ძალიან ბევრი და რთული სამუშაო გვქონდა. ახლა კი აღარც ეს მხარდაჭერა არსებობს. ფაქტია, ქვეყანაში დღესაც ინფორმაციული ვაკუუმია, რომლის ამოსავსებად მხოლოდ ერთი მცირე უწყება მუშაობს. წარმოიდგინეთ, ნაციონალური მოძრაობა სოფლებში რომ წავიდეს და ქადაგება დაიწყოს, დასავლეთი კარგიაო, შეიძლება, ხალხში აგრესია უნდა გამოიწვიოს. ვისაც ეს პარტია არ უყვარს, უკურეაქცია ექნება _ რადგან შენ ამბობ, რომ რაღაც კარგია, ე.ი. სინამდვილეში ცუდიაო. ირაკლი ალასანიას პარტიას ამის რესურსი საერთოდ არ გააჩნია, არც რეგიონული ოფისები აქვს, ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს რესპუბლიკურ პარტიასაც. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ყველა ეს ძალა შიდაპარტიულ ბრძოლაზეა გადართული და ამასობაში, საგარეო კურსი მესამე და მეოთხე ადგილზე იწევს.
_ მაშინ არ მესმის, თუკი ასეთი სასათბურე პირობები აქვს და ხელისუფლების კურსიც პრორუსულია, ამის დეკლარირება რატომ არ ხდება?
_ ამ ეტაპზე, ამას ღიად ვერ გააკეთებენ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი ქართული საინფორმაციო საშუალება, დასავლური ფასეულობების დისკრედიტების მიზნით, აქტიურად მუშაობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროპაში ერთსქესიანთა ქორწინებას დაგვაძალებენ, ქართველობას წაგვართმევენ და ა.შ. ეს გაცილებით სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ჭყოიძის ერთი ორგანიზაცია. თუმცა მსგავსი წვრილ-წვრილი ორგანიზაციებიც ნელ-ნელა გააქტიურდნენ და უკვე გამოსცეს ბიულეტენი, რატომაა ცუდი ნატო. ადრე ,,ოცნების” პოლიტიკას იმით ვხსნიდი, დროის მოგება, რუსეთის გაჩერება და დაწყნარება სურთ-მეთქი, თუმცა ახლა ამ პოლიტიკის შედეგებსაც ვიმკით. პროცესის შეჩერება პარლამენტარებს, პოლიტიკოსებს ცნობილ სახეებს თავად უნდა უნდოდეთ. არც 2006 წელს იკლავდნენ თავს ხალხის ინფორმირებით, მაგრამ რამდენიმე დეპუტატმა მოსახლეობასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, გამგებლებმა გარკვეული ღონისძიებები დააფინანსეს. ახლა კი მსგავს ენთუზიაზმს ვერავის ვატყობ. ეს კამპანია, კარგი გაგებით, პოპულისტური უნდა იყოს _ ცნობილი სახეებითა და მარტივი ლოზუნგებით.
_ ჩანს, ის მითიც გაცოცხლდა, რომ საქართველოს ევროკავშირში შესვლა რუსეთს ნაკლებად გააღიზიანებს, ვიდრე ნატო- ში.
_ ეს მითი ხომ ვერა და ვერ წაიშალა ხალხის მეხსიერებიდან და ახლა ახალი გაჩნდა: ევრაზიულ კავშირში თუ შევალთ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებენ, ნატო- ში შესვლით კი ამ ტერიტორიებს სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ. როგორც ჩანს, ამ მესიჯების გამზადებაზე კარგად იმუშავეს, რადგან ამდენი ხანია, მოსახლეობას ეს სისულელე ტვინიდან ვერაფრით ამოუშალეს. ნაციონალების დროსაც ასე იყო, თუმცა დეზინფორმაციის ამ საშუალებების ნაწილს მაინც ახშობდნენ. ახალგაზრდა თაობა პროგრესულია, რუსული საერთოდ არ იცის, კარგი ცხოვრება უნდა. მათ ინფორმირებულობის პრობლემა არ ექნებათ, რადგან მარტივად, ინტერნეტით ნახავენ, რა არის რუსეთი და რა დასავლეთი. ისიც ფაქტია, დრო პროგრესისა და დასავლეთის სასარგებლოდ მუშაობს. ჩვენი მთავარი პრობლემა ახლა ისაა, როგორმე, მოკლევადიან პერსპექტივაში გადავრჩეთ.
_ თუმცა არჩევნებზე სწორედ ძველი თაობა დადის და როგორც მესმის, მოკლევადიან პერსპექტივაში 2016 წლის მომავალი საპარლამენტო არჩევნები იგულისხმება. რას ელით ამ არჩევნებისგან?
_ იმედი მაქვს, 2016 წლის მერე კოალიციური მთავრობა გვეყოლება, რაღაცები უფრო დაბალანსდება და ამ მთავრობაზე ივანიშვილის ფაქტორი ნაკლებ გავლენას მოახდენს. იმის იმედიცაა, რომ 2016 წლამდე საარჩევნო კოდექსი შეიცვლება. პრეზიდენტი და ჩემი ყოფილი უფროსი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ძალიან ჯიუტი კაცია, ახლა ამ საკითხს აქტიურად ლობირებს და იმედია, ცვლილებების გატანას რქებით მიაწვება. ვიცი, ამ თემაზე რესპუბლიკელები და ინტერპარტიული ჯგუფიც მუშაობს. მოკლედ, საარჩევნო კოდექსს მაინც თუ შეცვლიან, ამ მთავრობას ყველა შეცდომას ვაპატიებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მძიმე არჩევნებს მივიღებთ და ყველაფერი კატასტროფით დასრულდება.
“ვერსი”

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – ეროვნული ბანკის ადგილას რეფინანსირების განაკვეთს კიდევ უფრო გავზრდიდი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – კურსის ყოველდღიური ცვლილება არ არის ისეთი რამ, რაც მთავრობამ შეიძლება ხელით მართოს