მაია ცქიტიშვილი: ველოდებით და გვაქვს იმედი, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტს ათონელის რეზიდენციაში გადავიდეს

ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით არავითარი ახალი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მიმოწერაზე, რომელიც შედგა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან, ირინე იმერლიშვილთან უშიშროების საბჭოს ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით.
“ჩვენ გვქონდა მიმოწერა ქალბატონ ირინესთან. როგორც იცით, უშიშროების საბჭოს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ გადასულიყვნენ. შემდეგ ახალი წერილი მივიღეთ, სადაც მოჰყავს არგუმენტი, რატომაც ვერ გადავა. მე ვერ გავიზიარებ, რა თქმა უნდა, ვერანაირად იმიტომ, რომ რასაც ასაბუთებს ქალბატონი ირინე და ამბობს, რომ არ შეესაბამება თითქოს იმ სტანდარტებს, რომელიც არის უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებისთვის საჭირო. თქვენ შეგიძლიათ ჩახვიდეთ ჩვენთან ამ შენობაში, ნახოთ რა პირობებშიც მუშაობდა აქ უშიშროების საბჭოს აპარატი და ნახოთ ათონელის რეზიდენციაში რა პირობებიც არის”, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, დაცულია ნატო-ს ყველა სტანდარტი და ის ელემენტარული საცავი ინფორმაციების, რომელიც ნატო-ს მოთხოვნებით არის საჭირო.
“სამწუხაროა, რომ მათი მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ალბათ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მთავრობა განკარგავს სახელმწიფოს ქონებას ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად. მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ათონელის რეზიდენცია იყო უმაღლესი პირისთვის აშენებული, პრეზიდენტთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მოხდა ამ თანხების გახარჯვა. მოგეხსენებათ, რომ 28 მილიონ ლარამდე თანხა იყო დახარჯული ამ რეზიდენციაზე. შესაბამისად, როგორც ქალბატონი ირინე თავის წერილში იუწყება, რომ გადაწყვიტეს თვითონ და თავის დებულებაში ჩაწერეს აბდუშელიშვილის ქუჩა იურიდიულ მისამართად, რა თქმა უნდა ეს არ არის იგივე, რაც ქონების სარგებლობაში გადაცემა. ასე რომ, სამწუხაროდ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მათი გადაწყვეტილება”, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ის ასევე ვერ გაიზიარებს დასახელებულ არგუმენტებს და მითუმეტეს იმას, რომ თითქოს პოლიტიკური მიზეზების გამო იქნა მათი მხრიდან რაღაც მოლაპარაკება ჩაშლილი. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სწორედ უშუშროების საბჭოს გადაწყვეტილებაში ხედავს.
კითხვაზე რა ბედი ელის ათონელის რეზიდენციას, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ უნდა დაელოდონ და ნახონ რა იქნება.
“როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა თავის დროზე, ველოდებით და გვაქვს იმედი, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია გადაწყვეტს გადავიდეს ათონელის რეზიდენციაში, რომელიც აშენდა მათთვის, რომელშიც თანხა იყო გადახდილი. სხვა ალტერნატივა ამ ეტაპზე ვერ განიხილება, იმიტომ, რომ ეს არის რეზიდენცია, რომელიც დაგეგმარებულია უმაღლესი თანამდებობის პირისთვის. შესაბამისად, სხვა უწყების იქ განთავსება არ არის შესაძლებელი სამწუხაროდ”, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა
შემდეგი სტატიაოკუპირებულმა აფხაზეთმა შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გასხვისებაზე აკრძალვა გააუქმოს