ლევან ყიფიანი სპორტის კომიტეტის წევრებს – ნუ წახვალთ პროვოკაციაზე სახელმწიფოს სახელით

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მხრიდან მის მიმართ არსებულ ბრალდებებს ასახელებს.
როგორც ყიფიანმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბრალდებებს არ ეთანხმება, თუმცა გადადგომა იმისთვის გადაწყვიტა, რომ “პრობლემა არ გამწვავდეს და ზღვარს არ გადავიდეს”.
“არ მინდა შევიდე დაპირისპირებაში ჩემივე გუნდის წარმომადგენლებთან – კონკრეტულად კი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრებთან. მათგან განსხვავებით მე სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვაყენებ პირად ინტერესებზე მაღლა. სწორედ ამიტომ, მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს გადადგომის შესახებ განცხადებით, რომელიც მომზადებული მაქვს და რომელსაც პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჩავაბარებ მთავრობის ადმინისტრაციას. გადადგომის მიზეზი არის სწორედ ის, რომ ეს პრობლემა არ გამწვავდეს და არ გადავიდეს ზღვარს, რომელიც, ვფიქრობ, უკვე ზღვარსგადასულია. ის, რაც ჩემი მისამართით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხდებოდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ამ ადამიანებმა გადააბიჯეს სინდისს და ნამუსს. მივმართავ მათ, პროვოკაციაზე ნუ წავლენ სახელმწიფოს სახელით”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ლევან ყიფიანმა.
ყოფილმა მინისტრმა თანამშრომლობისთვის მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს მადლობაც გადაუხადა.
“ვითვალისწინებ იმასაც, რომ ჩემი გადადგომის შემდეგ მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მიღება მოუწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მას ამ ნდობას გამოუცხადებს. მე ამ გუნდის სახელით მოვედი მთავრობაში, ამ გუნდთან ერთად გავიარე ბევრი პრობლემა. მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ყველას და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრს, ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელთან ერთად მოვედი მთავრობაში”, – აღნიშნა ყიფიანმა.

banner
წინა სტატიაშილევან ყიფიანი – მე ვაფრთხილებ ყველას, ნუ დაბრუნდებით უკან, რაზეც უარი ვთქვით რამდენიმე წლის წინ
შემდეგი სტატიაგიორგი გაბაშვილი: ახლა პარლამენტის ამოცანაა გამოვიდეს ოლიგარქის ჩრდილიდან