ლევან იზორია – შუღლის გაღვივების დასჯადობა სიტყვის თავისუფლებას არ არღვევს

ლევან იზორია:-„ოპოზიციის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ აქციაზე წამსვლელებზე ზეწოლა მიმდინარეობს სიმართლეს არ შეესაბამება“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას შეფასებით, შუღლის გაღვივების დასჯადობა საზოგადოების მშვიდობიან თანაარსებობასა და სიტყვის თავისუფლებას შორის ბალანსს არ არღვევს. იზორიამ სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებულ ცვლილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც “მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ე.ი. ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე”. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, აქამდე დასჯადი იყო მხოლოდ ისეთი შემთხვევები, როდესაც შუღლის ნიადაგზე, მაგალითად, მკვლელობის შედეგი დგებოდა.

“თავად შუღლის გაღვივების ფაქტი არ იყო დასჯადი. ჩვენ გავითვალისწინეთ რა უცხო ქვეყნების გამოცდილება, განსაკუთრებით გერმანიისა და ევროკავშირის სხვა მოწინავე ქვეყნებისა, წარმოვადგინეთ ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმიტომ, რომ ითვალისწინებს, მათ შორის, რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას, რომელსაც მძიმე შედეგი მოსდევს და ეს დაკავშირებულია ფიზიკურ და ძალდობრივ დაპირისპირებათან. აქედან გამომდინარე, სტაბილურობისთვის, მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე, აუცილებელია ასეთი სისხლის სამართლებრივი და დასჯადი ქმედების არსებობა”, – განაცხადა იზორიამ.

ამასთან, შს მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, ახალი რეგულაცია სიტყვის თავისუფლების უფლებას არ ზღუდავს. “როდესაც ვამბობ, რომ არსებობს გამოცდილი ქვეყნების პრაქტიკა, ეს გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყნებში ბალანსი, ოქროს შუალედი, რომელიც დაკავშირებულია, ერთის მხრივ, სიტყვის ანუ გამოხატვის თავისუფლებასთან და მეორეს მხრივ, საზოგადოების, მათ შორის, სხვადასხვა კონფესების, რელიგიების მშვიდობიან თანაარსებობასთან, დაცულია. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივით ეს ბალანსი დაცულია”, – განაცხადა ლევან იზორიამ და დასძინა, რომ დასჯადი იქნება შუღლი, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკური ძალის და ძალადობის ელემენტებთან.

banner
წინა სტატიაშიკიევში მიმდინარე მიტინგს პეტრო პოროშენკო დაესწრო
შემდეგი სტატიადონეცკში შეტაკებისას ქართველი მებრძოლი დაიღუპა