ლევან ვასაძე: აუცილებელია ამჟამინდელი პარლამენტის დათხოვნა და ისეთის არჩევა, რომელიც ხალხის განწყობებს მართლაც ასახავს

ხელისუფლების შტოებიდან ქართველი ხალხის ინტერესებს, მხოლოდ ერთი გამოხატავს – მთავრობა, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს.

მისივე აზრით, პარლამენტი “სრულიად არაეფექტურია”, რის გამოც ამჟამინდელი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის და ისეთის არჩევის აუცილებლობას ხედავს, რომელიც “ხალხის განწყობებს ასახავს”.
ლევან ვასაძე არასამთავრობო სექტორს და ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ელჩსაც აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ისინი “პირდაპირ აღვივებენ” ქვეყანაში არსებულ პრობლემებს.
“ვაღიაროთ, რომ თანამედროვე საქართველოში ხელისუფლების ექვსი შტო გვაქვს: სამი ფორმალური და სამი – არაფორმალური. ფორმალური შტოებია: პარლამენტი, სასამართლო და მთავრობა, არაფორმალური კი – ზოგიერთი დასავლური ქვეყნის საელჩო, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი და მათი იდეოლოგიური კონტროლის ქვეშ მყოფი ქართული ტელევიზიები. საქართველოში ხელისუფლების არაფორმალური შტო უფრო ძლიერია, რადგან ფორმალურს კარნახობს, რა და როგორ აკეთოს. ნახსენები ხელისუფლების ექვსი შტოდან, ჩემი აზრით, ამჟამად ქართველი ხალხის ინტერესებს, ასე თუ ისე, მხოლოდ ერთი გამოხატავს – მთავრობა. გვყავს ახალგაზრდა, ქმედითი პრემიერი, ასევე გამოვყოფდი რამდენიმე მინისტრს – სერგეენკოს, კვირიკაშვილსა და ხადურს, თუმცა არ მიყვარს მოხელეების ქება, არასდროს იცი, როგორ ინანებ მომავალში. მაგრამ რას გახდება მხოლოდ ერთი ღარიბაშვილი დანარჩენ ხუთ შტოსთან?… ქვეყანას ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ გამოვყოფდი 9 ძირითადს: ტერიტორიული მთლიანობა, რეგიონული დაცლა-გაპარტახება, საქართველოს ასიმეტრიული ურბანიზაცია, ამის შედეგად სიღარიბე, დემოგრაფიული ზამთარი, ტოტალური ნარკომანია, კაზინოები, ბეთინგი და გემბლინგი, განათლებისა და მეცნიერების გაუმართავი სისტემა, სააკაშვილის მმართველობიდან შემორჩენილი ტოტალური უსამართლობისა და დაუსჯელობის დამთრგუნველი განცდა მოსახლეობაში. ეს ხუთი შტო, მთავრობის გამოკლებით, არათუ არაფერს აკეთებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ ხშირად ინტენსიურად იღვწის მათ გასაღრმავებლადაც… მაგალითად, არაფორმალური შტოები, მათ შორის ტელევიზიები, არასამთავრობოები და ჩემი აზრით, ზოგიერთი უცხოური საელჩო, პოლიტიკოსებს, შეძლებისდაგვარად, პრაქტიკულად უკრძალავენ რუსეთთან პირდაპირ დიალოგს. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დეურბანიზაციის საწინააღმდეგოდ დასცინიან ყველაფერ სოფლურს, ამტკიცებენ, რომ ყველაფერი სოფლური, ქართული, ტრადიციული არის ქაჯური, ხოლო გარყვნილება და ანტიოჯახური, უზნეო, ფსევდოქალაქური ცხოვრება კარგი, მოდური, თანამედროვე”, – აცხადებს ლევან ვასაძე.
ბიზნესმენის აზრით, პარლამენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მათი კონსულტაციების მეშვეობით იღებს დავალებებს, ამის ფონზე კი “საქართველოსთვის სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემატიკის იგნორირება ხდება”.
“რაც შეეხება ჩვენს 150-კაციან პარლამენტს, თუ არ ვცდები, მისი მუშაობა 50 მილიონ ლარზე მეტი ჯდება. ჩემთვის ცხადია, რომ ეს ორგანო სრულიად არაეფექტურია – ამას როგორც მართვის სპეციალისტი ვამბობ. ჩემი აზრით, 20 მილიონ ლარად ბევრად ქმედითი, 50-კაციანი პარლამენტი გვეყოლებოდა, რომელიც ქვეყნის საჭიროებებს უკეთესად გასწვდებოდა… აუცილებელია ამჟამინდელი პარლამენტის დათხოვნა და ისეთის არჩევა, რომელიც ხალხის განწყობებს მართლაც ასახავს. რაც შეეხება ნახსენებ ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, რომლებსაც მე ჩვენი არაფორმალური ხელისუფლების ერთ-ერთ შტოდ მოვიაზრებ, ჩემი აზრით, ჩვენ მათ აწი სხვა ტიპის თანამშრომლობა უნდა შევთავაზოთ… მექმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი ელჩი, მიუხედავად ჩემი მათდამი პირადი სიმპათიისა, ივიწყებს, რომ მისი ძირითადი სამუშაო ადგილი მისი საელჩოა და ისე ფუნქციონირებს ქვეყანაში, როგორც ამას საბჭოთა დროს მოსკოვიდან დანიშნული კომპარტიის მე-2 მდივანი აკეთებდა ხოლმე. ურთიერთობის ეს ფორმა უნდა შეიცვალოს და მას ბევრად ცივილიზებული და პარტნიორული სახე უნდა მიეცეს”, – განმარტავს ბიზნესმენი.
ვასაძე მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის ეთიკური რეგულირების შესახებ კომისია უნდა შეიქმნას, რომელსაც ფართო უფლებები ექნება და მასში “ჭინკები” არ უნდა გაწევრიანდნენ.
“ნახეთ, ტელევიზიები (თოქშოუები) როგორც შხამავენ მაყურებელს, ამ ისედაც გაწვალებულ მოსახლეობას ყოველ საღამოს ხალხის ძიძლილაობასა და ერთმანეთის გინებასა და დაცინვას აყურებინებენ… ნებისმიერი სახის გარყვნილებას ნორმად წარმოაჩენენ – ეს ადამიანები მეტ ზიანს აყენებენ საქართველოს, ვიდრე პოლიტიკოსებმა მიაყენეს ბოლო 25 წლის განმავლობაში…. ასევე აუცილებლად მისაღებია კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამ კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს იმ ტიპის საქმიანობის აკრძალვა, რომელიც ძირს უთხრის ოჯახს, ტრადიციას და წესიერებას… სხვათაშორის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომლის თანახმადაც, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ქვეყნის მტრები არიან”, – აცხადებს ლევან ვასაძე, რომლის აზრითაც, კომისია “წესიერი ხალხით” უნდა დაკომპლექტდეს, რომელთაც საზოგადოებაში ავტორიტეტი აქვთ. მაგალითად, მისი შეფასებით, შესაბამისი კანდიდატურები არიან ელიზბარ ჯაველიძე, კახი კავსაძე, ნებისმიერი მრავალშვილიანი დედა ან დედები, თამაზ გამყრელიძე, რომელიმე დიდი მწერალი და მოაზროვნე, თუნდაც თამაზ ჭილაძე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთს დღეიდან ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ადრიატიკის ზღვაში დაღუპული მამა ილია კარტოზია “სამოქალაქო თავდადებისთვის” დააჯილდოვა