ლევან დავითაშვილის განცხადებით აქციაზე მოსულ ბევრ პირს ვენახი საერთოდ არ აქვს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი მევენახეების პროტესტს, რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, პროვოკაციულს უწოდებს.
როგორც დავითაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, სახეები, რომლებიც აქციებზე ჩანდნენ, არიან “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და ბევრ მათგანს ვენახიც არ აქვს.
“ყურძნის ჩაბარება ქარხნებში შესაძლებელია ყველა იმ ადგილზე, სადაც რთველი მიმდინარეობს და ყურძენი არის შესაბამის კონდიციაში. ეს არის დედოფლისწყარო, სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი და ასევე იმ ადგილებში, სადაც ყურძენი უკვე მოწეულია. თელავშიც არის საწარმოები გახსნილი, მაგრამ იღებენ სწორედ ამ არეალებიდან ყურძენს, რადგან თელავში, საგარეჯოში და ახმეტაში ყურძენი ჯერ არ არის მოწეული. ეს აძლევს საშუალებას იმ პროვოკატორებს, რომლებიც ტელევიზიით გამოდიან და საუბრობენ რთველის წარუმატებლობაზე, აიყოლიონ მოსახლეობა და ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში არ შესული რთველის შესახებ გააკეთონ განცხადებები. ისევ ვამბობ მოსახლეობისთვის, რომ სახეები, რომლებიც ჩანდნენ, არიან “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და ბევრ ამ ადამიანს არ გააჩნია ვენახიც კი და ისინი, ვინც ხელისუფლებას მოუწოდებენ რაღაცეებს, თავად უკრძალავდნენ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ყურძნის მიღებას”, – განაცხადა დავითაშვილმა.
რაც შეეხება მევანახეების მოთხოვნას სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე, დავითაშვილის თქმით, ოთარ დანელია მათ შეხვდება, ოღონდ არა იმ რეჟიმში, როგორსაც პროვოკატორები ითხოვენ.
“სოფლის მეურნეობის მინისტრთან და შტაბის ხელმძღვანელთან ერთად ჩვენ ვართ ყოველდღე კახეთში. არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ გლეხებს არ ვხვდებით. ჩვენი თანამშრომლები, შტაბის წევრები ყველა აქციაში მონაწილეობენ და განმარტებებს აძლევენ მოსახლეობას. ჩვენთვის მიუღებელია იმ ფორმატში საუბარი, რა ფორმატსაც ითხოვენ პროვოკატორი ლიდერები. ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერ სხვა ფორმატში საუბარი, სადაც დიალოგის და საუბრის საშუალება იქნება და არა ისეთ რეჟიმში, როგორსაც ჩვენ ვადევნებდით თვალს გასული დღეების განმავლობაში”, – განაცხადა დავითაშვილმა.
რაც შეეხება ყურძნის ფასს, მისი თქმით, თეთრი ხარისხიანი ყურძნის ფასი 70 თეთრია, ხოლო საფერავის მინიმუმ 85 და ეს ფასი რთველის მიმდინარეობისას კიდევ უფრო აიწევს.
“გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ფასების შესახებ, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ფასები არის მინიმუმ 70 თეთრი ხარისხიან თეთრ ყურძენზე და რთველის მიმდინარეობისას ეს ფასი გაიზრდება. საფერავის შემთხვევაში 85 თეთრზე ნაკლები არ არის და 1 ლარზე მეტი ფასიც დაფიქსირდა. რთველის დასაწყისში ფასი უფრო ნაკლებია, რთველის მიმდინარეობისას კი უფრო იზრდება მოთხოვნის შესაბამისად”, – განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ წლევანდელი რთველიც ძალიან წარმატებით ჩაივლის, რადგან ორგანიზებულობის მხრივ ხარვეზი არ არსებობს.
მისივე თქმით, ყველა ქარხანა მზად არის ყურძნის მისაღებად, თუმცა ინტენსიურად ვერ მიმდინარეობს რთველი იქიდან გამომდინარე, რომ ყურძნის კონდიცია არ არის. “აქამდე ბარდებოდა დასეტყვილი ყურძენი, რადგან ის უფრო აქტუალური იყო ჩაბარებულიყო და ეს ჩაბარება ხდებოდა იმ ადგილებში, სადაც დასეტყვილი ყურძენია. დანარჩენ ადგილებში გახსნილია ქარხნები ხარისხიანი ყურძნის მისაღებად”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ხვალ დაიწყება
შემდეგი სტატიაპატრიარქმა სტუდენტები დალოცა