ლაშა ჩხარტიშვილი – თბილისის მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან კერძო კომპანიებთან დანაშაულებრივი გარიგება შეიმჩნევა

თბილისის მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან, შეიმჩნევა დანაშაულებრივი გარიგება კერძო კომპანიებთან, რითაც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს , – ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ეკოლოგმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გარიგებები მიმდინარეობს სამშენებლო კომპანიებთან, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან.
“მე მინდა ორი საკითხი გამოვყო: ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეების გაჩეხვა და სავარაუდოდ უდესიანის სახელთან დაკავშირებული, იპოდრომზე განვითარებული ანალოგიური მოვლენები. გამოიყენება ახალი სქემა, როდესაც ერთი მხრივ, ქალაქის ეკოლოგიის სამსახური აძლევს ნებართვას ამ კომპანიებს, აცლის მათ გაჩეხოს ხეები და მხოლოდ ხეების გაჩეხვის შემდეგ რეაგირებს და აცხადებს, რომ ან მოტყუვდა, ან ვერ მოასწრო რეაგირება. ეს არის აბსურდი, რადგან 21 ხე 5 წუთში არ იჭრება. დარწმუნებულები ვართ, მოესწრებოდა პოლიციის და მერიის რეაგირება, რომ ყოფილიყო ამის ნება და სურვილი. მოვუწოდებ პროკურატურას, დაინტერესდეს ქალაქის ეკოლოგიის სამსახურის საქმიანობით, რომელიც ფორმალურ ჯარიმებს უფორმებს კომპანიებს, რომლებსაც მილიონები აქვთ შემოსავალი და უღირთ რამდენიმე ათასი ლარის ჯარიმის სახით გადახდა ხეების მოჭრის სანაცვლოდ, მაშინ როცა გაცილებით მეტ მოგებას მიიღებს”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით, კონკურსში, რომელიც თბილისის გენერალური გეგმის ჩამბარებელი კომპანიის გამოსავლენად მიმდინარეობს და 14 სექტემბერს გამარჯვებულს გამოავლენს, მონაწილეობს შპს “არქსტუდიო პროექტი”, რომელიც “ნაციონალების” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მფლობელობაშია.
“ამ კომპანიას განიხილავენ, როგორც ერთ-ერთ გამარჯვებულს, რადგან მას ლობირებენ. ამ კომპანიას, რომ ლობირებენ დასტურდება იმითაც, რომ მას აცადეს ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეების გაჩეხვა და არ მოახდინეს დროული რეაგირება. მოასუფთავებინეს სამშენებლო მოედანი და შემდეგ დაიწყეს საუბარი, რომ დარღვევა იყო. შპს რომელიც მშენებლობაში მონაწილეობს, არ უნდა იყოს ამ კონკურსის გამარჯვებული, რადგან ის თავის ინტერესებს გაატარებს”, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მისი თქმით, გარიგებებში მონაწილეობის მიმართულებით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს განსაკუთრებით, მერიის ეკოლოგიის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებით.

banner
წინა სტატიაში“მაქვს ხედვა, როგორ უნდა გადავზარდოთ კონფლიქტები სტაბილურ სამშვიდობო პროცესში”, – ირაკლი ალასანია
შემდეგი სტატიაფშავ-ხევსურეთში დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს