ლაშა ტუღუში რუსეთის სახელმწიფო არხების ტრანსლირების აკრძალვას მოითხოვს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში საქართველოში რუსეთის სახელმწიფო არხების ტრანსლირების აკრძალვის ინიციატივით გამოდის.
როგორც ლაშა ტუღუშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არხები საქართველოს მოსახლეობას წამლავენ.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტები საქართველოსთვის დიდი ფუფუნებაა და იშვითად არსებობს.
“ჩვენ, მაგალითად, არ გვაქვს განსაზღვრული, თუ რას ვუშვებით იმ რუსულ არხებს, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას წამლავენ. ამაში, სამწუხაროდ, საკაბელო არხები ფულს აკეთებენ. ჩვენ ამას ვუყურებთ ძალიან მარტივად, იოლად და ვხედავთ, როგორ იზრდება ამ საწამლავის შედეგად პრორუსული განწყობები საქართველოში. მანქანა, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს, ახდენს ზეგავლენას ადამიანების განწყობებზე, დამოკიდებულებებზე, მათ შორის, კონფლიქტთან მიმართებაში. ასეთ დაწოლას ხშირად პრობლემურად აღიქვამენ ძალიან განვითარებული ქვეყნები, ისინი საპირისპირო მიმართულებით დიდ ფულს ხარჯავენ. რუსეთი პროპაგანდისთვის მილიარდებს ხარჯავს და ჩვენ ამას რას ვუპირისპირებთ, ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს ამისთვის”, – განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, რუსული სახელმწიფო არხები ან სამართლებრივი გზით უნდა შეიზღუდოს, ან მათზე პირდაპირ უარი უნდა ვთქვათ.
“სამართლებრივი გზით უნდა შევზღუდოთ ეს არხები იმიტომ, რომ ისინი ეწევიან ომის პროპაგანდას, სიძულვილს თესავენ. მაშინ, როცა ჩვენი არხები ჩვენი კანონმდებლობით მოწყვლადები არიან, რუსული არხების მიმართ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია. არსებობს სამართლებრივი გზა, რომ შემოიყვანო ისინი შენს სივრცეში, შესაბამისი საქნციები გამოიყენო მათ მიმართ და ასეთი ბერკეტი საქართველოს დღეს არ გააჩნია. მეორე გზა არის ის, რომ პირდაპირ უარი ვთქვათ ამ არხებზე, სულ ცოტა საკაბელო არხებმა. არ ვიცი, ეს რაინაირად შეიძლება გაკეთდეს. ყოველშემთხვევაში, თუ იცი, რომ საწამლავს ყიდი, ის არ უნდა გაყიდო. ეს არის მორალური თემა. მე პირადად ერთი მოქალაქე მოვუწოდებდი, რომ ეს დამოკიდებულებები გადაისინჯოს. შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, რომ ეს დემოკრატია არ არის და დემოკრატია არის პლურალიზმი, მაგრამ რა პლურალიზმზე ვსაუბრობთ, როცა საქმე არ გაქვს მედიასთან. რუსეთის სახელმწიფო არხები მედია არ არის, არამედ ეს არის არხი, საიდანაც შემოდის საწამლავი ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მე არ მგონია, რომ აქ სტანდატრული დემოკრატიული რიტორიკით უნდა ვილაპარაკოთ. მით უფრო, როდესაც საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ ამ ქვეყანასთან, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში ვართ”, – განაცხადა ტუღუშმა.
როგორც ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, საქართველომ უნდა შეხედოს სხვა ქვეყნებს, მაგალითად ლიტვას, რომელმაც ჩახსნა ეს არხები თავიანთი საინფორმაციო სივრცეებიდან, ასევე ეს ტელევვიზები შეიზღუდა უკრაინაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით, სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან უცხო პირებს არ შეუშვებენ
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა იტალიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა