კობა ნაყოფია: რც მე და არც ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი არ ფლობს წილს “არ-ემ-ჯი კოპერსა” და “არ-ემ-ჯი გოლდში”

საქართველოს პარლამენტის წევრი, კობა ნაყოფია უარყოფს ინფორმაციას, რომ ის არის კომპანიების” “არემჯი კოპერის” და “არემჯი გოლდის” აქციონერი. ამასთან დაკავშირებით კობა ნაყოფიამ განცხადება გაავრცელა.

“ბოლო დღეების განმავლობაში საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე ვარ კომპანიების: “არ-ემ-ჯი კოპერის” (ყოფილი მადნეული) და “არ-ემ-ჯი გოლდის” (ყოფილი კვარციტი) აქციონერი.
ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის არასწორი და დღეისათვის არც მე და არც ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი არ ფლობს წილს ზემოაღნიშნულ კომპანიებში.
2013 წლის 4 ივლისამდე ჩემი ოჯახი ფლობდა მინორიტარულ წილს კომპანია “არემჯიში”, ხოლო 2013 წლის 4 ივლისს მოხდა აღნიშნული წილის მიყიდვა არსებული აქციონერებისათვის, რის შემდეგაც ისინი გახდნენ კომპანიის 100% მფლობელები. სამწუხაროდ მათი მხრიდან დღემდე არ არის შესრულებული წილის მიყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც მათთან მიმდინარეობს დავა. იმისათვის, რათა არ გაგრძელდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და აღნიშნული საკითხი არ იქნას გამოყენებული სხვადასხვა სპეკულაციებისათვის, მოვუწოდებ კომპანია “არემჯის” აქციონერებს გამოაქვეყნონ და გაასაჯაროონ აქციონერების სია”, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის წევრის კობა ნაყოფიას განცხადებაში.

გასულ კვირას, კომპანია “არემჯი ჯგუფის” ერთ-ერთმა აქციონერმა დიმიტრი ტროიცკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პარლამენტარი კობა ნაყოფია დღემდე რჩება “არემჯის” აქციონერად.
“ამ კომპანიის აქციონერები ვართ მე დიმიტრო ტროიცკი, ჩემი პარტნიორი დიმიტრი კორჟუნი. 22% აქციების დღემდე არის კობა ნაყოფიას მფლობელობაში. ეს იყო ასე მაშინაც, როდესაც ჩვენ ამ ბიზნესს ვყიდულობდით და ვიყიდეთ”, -განაცხადა ტროიცკიმ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: მივმართავ ყველა პოლიციელს, იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: მინდია ჯანელიძეს თუ შეხვედრის სურვილი აქვს, მზად ვარ დღესვე შევხვდე