კახეთში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი 17 მლნ ლარამდეა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 17 მლნ ლარს მიაღწია.
როგორც “თაიმერს” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 21 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 30 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 11,2 ათას ტონამდე რქაწითელი, 12,4 ათას ტონამდე საფერავი, 1,3 ათას ტონამდე კახური მწვანე და 4,5 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.
მთლიანობაში კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 17 მლნ ლარს მიაღწია.
“კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული – განვლილი 24 საათის განმავლობაში 5 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს”, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენია გადამუშავებული გურჯაანში – 8,7 ათას ტონამდე, ყვარელში – 6,6 ათას ტონამდე და თელავში – 4,4 ათას ტონამდე.
კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 60 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 14 ღვინის საწარმო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

banner
წინა სტატიაშიოფიციალური მონაცემებით, ქვეყნიდან კაპიტალის გადინება 2013 წლიდან გაიზარდა
შემდეგი სტატია„თავისი ფორმით ეს არ იყო ყველაზე უფრო საამაყო ფურცელი, ჩვენ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში“