კახა კახიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში კახა კახიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმა განიხილეს. საუბარი შეეხო მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, პენიტენციურ ინფრასტრუქტურას, პრობაციის სფეროში გატარებულ რეფორმებს და იმ თემებს, რომელიც მნიშვნელოვანია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესებისა და მათი უფლებების დაცვისთვის.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე აღინიშნა ის ფასდაუდებელი შრომა, რომელიც გასწიეს როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა, ისე ევროპის საბჭოს ექსპერტებმა იმისათვის, რომ საქართველოს პენიტენციური სისტემა ევროპულ სტანდარტებში მოექცეს.

„ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ბატონ ტორბიორნ იაგლანდთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინსტიტუციური რეფორმის კუთხით ჩვენ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ ევროპის ქვეყნებში. თუმც ვიტყვი იმასაც, რომ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ყველა დაწესებულებაში ევროპულ სტანდარტებს მივაღწიოთ,“- განცხადა კახა კახიშვილმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმის განხორციელებაში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის.

კახა კახიშვილი, ასევე, შეხვდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დირექტორ ქრისტოს გიაკომპულოს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) აღმასრულებელ მდივან ერუნ სხოკენბრუკთან და ვენეციის კომისიის მდივან ტომას მარკერტთან.

banner
წინა სტატიაშიგიგი გიგიაძე: რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიას საქართველოს მიმართ
შემდეგი სტატიაგიგი გიგიაძე: ევროკავშირიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოსული 19 განცხადებიდან, საქართველო 7-ს მიუერთდა