კახა კალაძე: თითოეული ინვესტორისთვის, ვინც საქართველოში შემოდის, ჩვენი გული და კარი ღიაა

მინდა დაგარწმუნოთ, რომ თითოეული ინვესტორისთვის, ვინც საქართველოში შემოდის, ჩვენი გული და კარი ღიაა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “თიბისი” ბანკის სათაო ოფისში განაცხადა, სადაც მან საქართველო-იტალიის პირველი ენერგეტიკული ბიზნესფორუმი გახსნა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოში არაერთი საერთაშორისო ფორუმი გაიმართა და ეს მეტყველებს, რომ იზრდება საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის მნიშვნელობა.
მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია ენერგეტიკულ განვითარებაზე. საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით და ენერგეტიკის სამინისტრო, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად იქნას ათვისებული. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბევრი პროექტი განხორციელდა, ხორციელდება და მომავალშიც განხორციელდება. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა “თიბისი” ბანკს და აღნიშნა, რომ “თიბისი” ბანკი აქტიურადაა ჩართული საქართველოს ენერგეტიკული განვითარების პროცესში.
როგორც კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ინვესტორებს სთავაზობს ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, ასევე კვალიფიციურ და კონკურენტულ სამუშაო ძალას.
“ენერგეტიკული მიმართულება ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თითოეული ინვესტორისთვის, ვინც საქართველოში შემოდის, ჩვენი გული და კარგი ღიაა და მინდა ასევე დაგარწმუნოთ, რომ თითოეული ჩადებული ინვესტიცია იქნება მაქსიმალურად დაცული და ხელშეუხებელი”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ასევე ხელისუფლება დიდ ყურადღებას ანიჭებს ქარის სადგურების პროექტის განხორციელებას და პირველი პროექტი 2016 წელს დაიწყება.
ფორუმი “თიბისი” ბანკის მხარდაჭერით ტარდება და მისი ორგანიზატორები არიან საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და იტალიური საკონსულტაციო კომპანია Nომისიმა ენერგია.

banner
წინა სტატიაშიარაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების 32-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს