კახა კალაძე: თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტში ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

როგორც მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებელის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, თბილისის შემოვლითი რკინიგზა „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებისას ხელს შეუწყობს საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდას.

„ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის აღნიშნულ პროექტში. პირველადი წარმოდგენილი პროექტი, რომელიც იყო წინა ხელისუფლების დროს დადებული, როდესაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდა, გამოიკვლიეს, რომ ეს პროექტი იყო გამოუსადეგარი იმ თვალსაზრისით, რომ მოცულობების გადაზიდვის უნარიანობა მცირდებოდა ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში. ფაქტიურად წელიწადნახევრიანი მუშაობის დროს დაიდო სრულიად განსხვავებული პროექტი. თუმცა, პროექტი აუცილებლად განხორციელდება, რადგან ეს ხელს შეუწყობს ზუსტად „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებას. დამატებითი მოცულობები, როდესაც წამოვა ჩინეთიდან, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი რკინიგზა იყოს უფრო გამტარუნარიანი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზით, რომელიც დასრულებულია, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თურქეთს დავუკავშირდეთ და თურქეთის მიმართულებით განვახორციელოთ გადაზიდვები რკინიგზის საშუალებით. საერთო ჯამში, ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, თუმცა, ცვლილებების შეტანის მიზნით, პროექტი 2013 წელს შეჩერდა.

banner
წინა სტატიაშითურქმა სამხედროებმა უცნობი უპილოტო ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიაშოტლანდიის ნაციონალისტებმა ბრიტანეთს მოუწოდეს არ იბრძოლონ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ