კახა კალაძე ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება

კახა კალაძე: მოსახლეობას გაზის საფასური არ გაუძვირდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება.
როგორც კახა კალაძემ ტელეკომპანია “მაესტროში” ჩართვისას განაცხადა, ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, მარეგულირებელ კომისიაში პირველად განაცხადი შეიტანეს თბოელექტროსადგურებმა, შემდეგ სადისტრიბუციო კომპანია “ენერგო-პრომ”, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია “თელასმა” ანალოგიურად, ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანა.
ენერგეტიკის მინისტრმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას – არის თუ არა ამ ეტაპზე საშიშროება, რომ თბილისზეც გავრცელდეს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა? “მარეგულირებელი კომისია დაითვლის ანალოგიურად “თელასის” ტარიფებსაც, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ანალოგიურად მოხდება გაზრდა, რადგან შესასყიდი ელექტროენერგია ყველასთვის ერთია. აქ საუბარი არ არის საქართველოში გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ეს არის ძირითადად ის ელექტროენერგია, რომელიც შემოდის უცხოეთიდან. ჩვენ ამიტომ ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში შევძლოთ იმ წყლის რესურსების ათვისება, იმ ქარის სადგურების პროექტების განხორციელება, ჰიდროელექტროსადგურების აშენება, რომ არ ვიყოთ ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე და გვქონდეს საკუთარი ელექტროენერგია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
სს “თელასმა” დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. “კომპანია ტარიფის დადგენას ითხოვს და სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.
კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის” საფუძველზე კომისია სამი სამუშაო დღის ვადაში შეისწავლის სს “თელასის” მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადს. იმ შემთხვევაში, თუ სატარიფო განაცხადი სრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია დაიწყებს საკითხზე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას და კომისიის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას”, – ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმდინარე მტკვარში სამი ახალგაზრდა დაიხრჩო
შემდეგი სტატია“ქვეყანაში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებაზე საუბარი გამორიცხულია”