კარდენახში ვაზი გაჩეხეს (ვიდეო)

„განა მართლა 70 თეთრად იბარებენ ყურძენს? ქარხანაში რომ მიგაქვს, 2–3 დღე რიგში დგახარ დატვირთული მანქანით. მერე გიწუნებენ ყურძენს და 60 თეთრს გადაგიხდითო. 3 დღის ყურძენს სადღა წაიღებ? იძულებული გავხდი და ჩავაბარე. გამაწამეს ქარხანაში. მასხარად გვიგდებენ მევენახეებს. რაც დავხარჯე იმასაც ვერ ვინაზღაურებ. ოჯახი ხომ უნდა ვარჩინო? ერთი კილოგრამი წიწაკა 1.30 ლარი ღირს. ვენახი გავჩეხე და წიწაკას მაინც მოვიყვან“, – განაცხადა  კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას კარდენახში მცხოვრებმა გელა გრიშენკომ, რომელმაც 0.25 ჰექტარზე მსხმოიარე ვაზი უკვე გაჩეხა, ახლადგაშენებული ვაზის გაჩეხვა კი დღეს დაიწყო.

ვაზის გაჩეხვას კარდენახში მცხოვრები სხვა მევენახეებიც აპირებენ. „ბატონი ივანიშვილი ხომ დაგვპირდა ყურძენი 1 ლარი იქნებაო, რატომ არ შეასრულა დაპირება? აი, სადამდე მიგვიყვანა, ახლადგაშნებული ვენახების გაჩეხვა დაიწყო ხალხმა. გადაწყვეტილი მაქვს, რომ მეც უნდა გავჩეხო. აზრი არ აქვს, ზარალია. სხვა შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს და ოჯახი რამით ხომ უნდა ვარჩინოთ“, – ამბობს მევენახე მალხაზ ნანობაშვილი.

„იმ 9 წელს რომ მისტირიან, სააკაშვილი რომ არ ვარგოდა, ხომ იმიტომ გადავაყენეთ? ესენი რას აკეთებენ, ეს მთავრობა? რატომ ხელს არ გვიწყობენ? თუ ვერც ღვინო გააქვთ უცხოეთში, ვერც რუსეთთან ალაგებენ ურთიერთობას, ვერც საქართველოში ახერხებენ ვერაფერს, რისთვის არიან? მარტო იმიტომ რომ პრემიები აიღონ?“, – აღნიშნავს ალიკა ხატიაშვილი.

ყურძნის გასაყიდ ფასთან და ღვინის ქარხნებში ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 22 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 35 765 ტონა ყურძენი. სახელმწიფო ერთ კილოგრამ რქაწითელში 25 თეთრს იხდის, რასაც სახელმწიფო სუბსიდიის სახით 35 თეთრი ემატება და ჯამში 60 თეთრს შეადგენს. საფერავს სახელმწიფო 60 თეთრად იბარებს და სუბსიდიის სახით 15 თეთრი ემატება, ჯამში ერთი კილოგრამი საფერავის ფასი 75 თეთრია. ზოგიერთი კერძო კომპანია ქრაწითელში 70 თეთრს იხდის სუბსიდიის ჩათვლით, საფერავში კი 85 თეთრს.

ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით მევენახეებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, საავტომობილო გზებიც გადაკეტეს, პარლამენტშიც ჩავიდნენ, მაგრამ ფასი არ შეიცვალა.

წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

 

 

banner
წინა სტატიაშიჯანი ბუკიკიო: დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა საჭირო ზომებს მიიღებს მოსამართლეებისა და მათი ოჯახების რაიმე დევნისგან დასაცავად
შემდეგი სტატიაგია გაჩეჩილაძე: მზად ვარ “მაესტროს” მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით 10 მლნ დოლარის საბანკო გარანტია წარმოვადგინოთოს