„იქნება შემთხვევები, როდესაც მე შეიძლება სამხედრო ფორმაში მნახოთ“

თავდაცვის ახალი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს, რომ ჯარს სამოქალაქო სექტორიდან ემსახუროს.

ამის შესახებ ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროში განაცხადა, სადაც მას წინამორბედმა უმასპინძლა და სამინისტროს თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის შემდეგ ხიდაშელმა მედიასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩემი ერთ-ერთი ამოცანა და ამაზე ამ შეხვედრის დროსაც გავაკეთეთ აქცენტი, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც საქართველოში რამდენიმე ხნის წინ დაიწყო თავდაცვის უწყების და გენერალური შტაბის, ანუ სამხედრო და სამოქალაქო ნაწილის გაყოფის პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. იცით თქვენ, რომ პარლამენტში დღემდე პრობლემები აქვს თავდაცვის კანონს და მე ვფიქრობ, რომ ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გადავიდეთ იმ სტანდარტზე, რასაც ნატო და საერთაშორისო თანამეგობრობა ითხოვს. რა თქმა უნდა, იქნება შემთხვევები, როდესაც მე შეიძლება სამხედრო ფორმაში მნახოთ, მაგრამ ეს არ არის თავდაცვის მინისტრის მთავარი საქმე. თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს, რომ ჯარს აქედან, სამოქალაქო სექტორიდან ემსახუროს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრად 2 მაისს დაინიშნა.

banner
წინა სტატიაში“დასაკარგი დრო არ გვაქვს, მუშაობა სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს”
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ