იუსტიციის სამინისტრო – 15 მოთხოვნიდან ევროკომისიამ საქართველოს 7 მოთხოვნა შესრულებულად ჩაუთვალა

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისები თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველა სხდომათა დარბაზში იქნება ხელმისაწვდომი

942143_499467650101821_552888477_nიუსტიციის სამინისტრო ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მესამე პროგრესულ ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების განმარტებით, 15 მოთხოვნიდან ევროკომისიამ საქართველოს 7 მოთხოვნა “შესრულებულად” ჩაუთვალა, 4 მოთხოვნა ჩაითვალა “თითქმის შესრულებულად”, ხოლო კიდევ 4 – “ნაწილობრივ შესრულებულად”.
“ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მესამე პროგრესული ანგარიში გამოაქვეყნა.
საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ 2014 წლის ოქტომბერში გახსნილი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზა 15 ძირითად მოთხოვნას გულისხმობდა. დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ამ 15 მოთხოვნას შორის “შესრულებულად” ჩაითვალა 7 მოთხოვნა; 4 მოთხოვნა ჩაითვალა “თითქმის შესრულებულად”, ხოლო კიდევ 4 ჩაითვალა “ნაწილობრივ შესრულებულად”, ოღონდ − “შემდგომი პროგრესის კარგი პერსპექტივით”.
ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის 4 ბლოკის შესრულების მხრივ არის არსებითი, რაც გამოხატავს ქვეყნის მტკიცე ნებას, შეასრულოს დასახული ამოცანები. ეს არის ძალზე ფართო და მასშტაბური შრომისა და ძალისხმევის შედეგი.
ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების ღრმა ანალიზი იძლევა საშუალებას, დავასკვნათ, რომ ოთხივე ბლოკის მიმართულებით ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასთან დაკავშირებული სისტემები, აგრეთვე, სახელმწიფოს ინსტიტუციური და ორგანიზაციული ხასიათის პრინციპები და პროცედურები, ძირითადად, შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამდენად, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველომ ფართოდ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზა.
დასასრულ, კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ძალზე მნიშვნელოვანი და არსებითი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ სულ რამდენიმე თვეში მიაღწია, კომისია მზად არის, დაადგინოს შემდეგი ანგარიშის გამოქვეყნების ვადა, იმ პირობით, რომ საქართველო გააგრძელებს ასეთივე სწრაფი ტემპით დარჩენილი პირობების შესრულებას. ანგარიშში მოცემულია გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა შესრულება შეფასებული იქნება როგორც საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის დასრულება.
კომისიის შემდეგი ანგარიში 2015 წლის ბოლომდე მომზადდება”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმე მინდა გთხოვთ დათვალოთ პენსიონერის პენსია დოლარში–აკაკი ბობოხიძე
შემდეგი სტატიაევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეთა უფლებებთან დაკავშირებით შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს