იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გია სოსანაშვილმა დუმილი დაარღვია

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი დუმილს არღვევს. ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს მან შესავალი სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.
“დნმ-ის ნიმუში არის დარღვევით მოპოვებული. საგამოძიებო ნაწილის უფროსი მამუკა ვასაძე მეუბნებოდა, რომ შენ წადი და სადაც გინდა იჩივლე. ვისი აჯობებს, შენი თუ ჩვენი, ვნახოთო. შენია ეს დნმ-იო. ფსიქოლოგიურ ზეწოლას სჩადიოდნენ. 12 საათი რად უნდოდა ბრალის წაყენებას. ხელყუმბარის სახელური შეცვლილია. ეს დისკზე ასახულია. ამას სასამართლო ნახავს. თუ მე მოვკალი, რატომ შევცვალე საგანი. რატომ გაქრა ის, რაც თავდაპირველად საქმეში იყო. ასე არ არის, როგორც იძახიან”, – განაცხადა სოსანაშვილმა.
დღეს სასამართლომ სოსანაშვილის საქმეზე დაკითხა დაზარალებულის უფლებამონაცვლე, იური ვაზაგაშვილის მეუღლე ციალა შანავა-ვაზაგაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ არ მომხდარა მსოფლიოში მსგავსი დანაშაული, როდესაც მოკლული შვილის საფლავზე მამა აეფეთქებინათ. “დამპალმა სოსანაშვილმა ეს გააკეთა”, – განაცხადა შანავამ და მიმართა სოსანაშვილს სიტყვებით: “რას მერჩოდი”. ამაზე კი სოსანაშვილმა უპასუხა, რომ მას იური ვაზაგაშვილი არ მოუკლავს.
სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 30 ივლისს 14:00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოზე მიწის მასა ჩამოიშალა – დაზიანდა საცხოვრებელი ოთახი და ავტოფარეხი
შემდეგი სტატიაპროკურორი: სოსანაშვილის განცხადება, რომ მისი დნმ გაყალბდა, სიმართლეს არ შეესაბამება