„ის რაც ხდება, ოპოზიციამ თავის თავს მოჰკითხოს უმჯობესია“

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას გმობს.

მინისტრის თქმით, ბაქო-სუფსის მილსადენს შს სამინისტრო აკონტროლებს და ეს ადგილი საქართველოს ტერიტორიაა.

“რა თქმა უნდა, სამწუხაროა და ჩვენ ვგმობთ ამას. ასეთი აბრები რაც არის, მათი აზრით რაც გვსაზღვრავს, ძალიან ბევრი დგას სოფლებში. ეს ჩვენთვის პირველი არ არის და უცხო არ არის, რა თქმა უნდა, პროტესტს გამოვთქვამთ და ვგმობთ ამას. შს სამინისტრო ბაქო-სუფსის მილსადენს აკონტროლებს. მათ სახელმწიფოებრივი შეხედულებით ჰგონიათ, ოსური მხარე ამბობს რომ ჩვენ ტერიტორიაზეაო, თუმცა, ეს საქართველოს ტერიტორიაა. 7 წელი გავიდა, არავინ არ შეხებია ამ მილსადენს, არც ახლა მგონია რაიმე დაზიანება მიიღოს, მიწაშია, სიღრმეშია, არ მგონია, ვინმე მივიდეს და დააზიანოს. თუ ეს მოხდება, შესაძლებელია კილომეტრნახევრის მოქცევა და აქეთ მხარეს გადმოტანა”, – განაცხადა გომელაურმა.

შს მინისტრი ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ხელისუფლების შეცდომაა ის, რომ საერთაშორისო რეაგირება არ ხდება ხაზის გადმოწევაზე და, ასევე, საჭიროა კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატის გადახედვა. გომელაური აცხადებს, რომ ყველა ასეთ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ხდება.

“რეაგირება ხდება და რის შედეგია და რატომ ხდება ასე, ოპოზიციამ თავის თავს მოჰკითხოს უმჯობესია”, – აღნიშნა შს მინისტრმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართა. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, განხორციელებული ქმედებების შედეგად კი, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

banner
წინა სტატიაშინარმანია საჯარო მოხელეებს გაწეული სამუშაოებისათვის მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ახლა მთავარია, უეფა-ს სუპერთასის ფინალურ შეხვედრას მომზადებულები შევხვდეთ