ირმა ნადირაშვილი – დიდება საქართველოს, ჯაყო ივანიშვილის გარეშე

საქართველოს არ აქვს უფლება, რომ ერთი მდიდარი ავანტურისტის ექსპერიმენტზე იცხოვროს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა “თავისუფლების მოედანზე” მიმდინარე აქციის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საქართველო გააჩერა.
“გაუფასურდა ლარი, ჩამოიშალა ეკონომიკა, შეაჩერეს ინფრასტრუქტურული პროექტები, ციხეში ჩაყარეს პოლიტიკური ოპონენტები, აქ არის ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც სამსახურიდან მარტო იმიტომ გამოუშვეს, რომ თავისი ნათესავები მიეღოთ. მათ დააბრუნეს კორუფცია და არქივიდან ამოქექეს სიტყვა “სეკვესტრი”. მათ შემოიღეს ბრიყვული სავიზო რეგულაციები, შელახეს პოლიციის იმიჯი, გაურიგდნენ “კანონიერ ქურდებს” და დღეს საქართველო აქციეს იმ ქვეყნად, სადაც თვითმფრინავებიდან “კანონიერი ქურდები” ქრებიან და არც კი რცხვენია კალაძეს მისი დავალებით “კანონიერ ქურდებს” ხვდებიან და აცილებენ. ეს ხელისუფლება ატყუებს ხალხს და მგონია, რომ ეს ხელისუფლება აღარ არის ღირსი, რომ თქვენი იმედი ჰქონდეს და თქვენი ნდობით სარგებლობდეს, თითოეული დღე, როდესაც საქართველოს ეს მთავრობა ჰყავს, ეს არის წართმეული დღეები ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. ეს არის წართმეული შესაძლებლობა, რომ მათ იცხოვრონ თავისი შრომისა და ნიჭის შესაბამისად”, – განაცხადა ნადირაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკის არქონამ საქართველო დააბრუნა არშემდგარი სახელმწიფოების რიგებში.
“დღეს არავის არ აქვს ილუზია, რომ ეს უუნარო ადამიანები შეძლებენ ვითარების გამოსწორებას, დღითიდღე ინგრევა საქართველოს იმიჯი, მმართველი გუნდის წევრებისგან გვესმის საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების შესახებ. საქართველოს არ აქვს უფლება, რომ ერთი მდიდარი ავანტურისტის ექსპერიმენტზე იცხოვროს და ჩვენ არ ვიცხოვრებთ ივანიშვილის დაკრულზე. საქართველოს სჭირდება მთავრობა, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე იზრუნებს, ჩვენ დღეს გყავს ვიგინდარების კრებული, რომლებმაც ჯერ ინვესტიციებს ჩაუკეტა საზღვარი და გვპირდებიან, რომ ჰიგიენურ საშუალებებზე და რბილ ავეჯზე დაზოგავენ ფულს და ეკონომიკას რამეს უშველიან, თქვენ ნახეთ, რომ რბილი ავეჯიდან ერთი ადგილის აწევა არ უნდათ, ჩვენ ვაიძულებთ, რომ ხალხის ხმა გაიგონონ. ბიძინამ გვითხრა, რომ მესამე წელი კარგი იქნებაო, ვეთანხმები ეს იქნება ის წელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დატოვებს ამ ხელისუფლებას და წავა სახლში. დიდება საქართველოს, ჯაყო ივანიშვილის გარეშე, დიდება თავისუფლებას”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ფაფარაშლილები მოდიოდნენ და სახეწაშლილები გაბრუნდებიან
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – საქართველო არ უნდა იყოს პატარა სოფელი, როგორც ამას მოგვიწოდებენ