ირაკლი შოთაძე – “იზოლენტის” წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელის დნმ-ის კვალი დარჩა

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრამთავარი პროკურატურა განმარტავს, რა შეცდომა დაუშვა იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებულმა გია სოსანაშვილმა.
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილზე, ე.წ. ფალიის სახელურზე გადაკრულმა საიზოლაციო ლენტმა უზრუნველყო ის, რომ დნმ-ის კვალი დარჩა.

“ასეთი ტიპის ადამიანები ზოგი “ფალიას” რეზინით აბამს, ზოგი ძაფით, ზოგი იზოლენტით, რომ თავიდან აირიდონ გაუთვალისწინებელი აფეთქებები. ამ შემთხვევაში მკვლელმა გამოიყენა “იზოლენტი”. “ფალიის” სახელურის სურათებში თქვენ შეამჩნევთ, რომ სახელურზე შეინიშნება ე.წ. იზოლენტის გადაკვრის კვალი, ანუ ერთი მხარე არის წებოვანი. სწორედ “იზოლენტის” წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ ამ სახელურზე დარჩა დნმ-ის კვალი. ეს არის მკვლელის შეცდომა. დასამალი არ არის, ჩვენ გაგვიმართლა. ასეთი გამართლება ბევრ საქმეზე არ ხდება, გაგვიმართლა და ამ შეცდომის საფუძველზე აღმოჩნდა სახელურზე დნმ-ის კვალი. ეს დაედო საფუძვლად იმას, რომ დღეს ჩვენ გავხსენით ეს საქმე და ვიცით უშუალოდ ის პიროვნება, რომელმაც ააფეთქა იური ვაზაგაშვილი”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია, – ამის შესახებ მთავარი პროკურატურა იუწყება. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი. “საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც იგი სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.
გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. “ფალიის სახელური”, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილ იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი.
გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. ამდენად, უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ საფლავზე დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.
საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით”, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაშიციალა ვაზაგაშვილმა პროკურატურის შენობა უკომენტაროდ დატოვა
შემდეგი სტატია“ხელისუფლებას სახელი აქვს გატეხილი, ძნელია ამ ვერსიის დაჯერება,”- გივი თარგამაძე