ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის დღეს ბრიუსელში შეხვდა.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეები განიხილეს.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინი საქართველოში მოიწვია და ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ახორციელებს. პრემიერთან საუბრისას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წვლილი ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში“, – ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი ეროვნულ არჩევანს წარმოადგენს და ის შეუქცევადია.

პრემიერის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდეს და საქართველო რიგის სამიტზე წარმატების მაგალითი გახდეს.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში 25 თებერვალს გაემგზავრა.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაში“კულუარული ინფორმაციით, კრემლმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა”
შემდეგი სტატიაანდრო ბარნოვი: „თავდაცვის აკადემიის ნგრევა ივანიშვილის ერთ-ერთი საცეცის, ალასანიას დროს დაიწყო“