ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც საპატიოა ამ კვირის განმავლობაში ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“მადლობას მოგახსენებთ იმ წვლილისთვის, რომელიც ამ კვირის განმავლობაში შეიტანეთ ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიადის “თბილისი 2015”-ის წარმატებაში. ჩემთვის ძვირფასია ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ამ ღონისძიების თითოეული წამი ამ კვირის განმავლობაში, მე გავხდი საქმისადმი განსაკუთრებული ერთგულების, ოსტატობის, პროფესიონალიზმის, გამბედაობის და გამძლეობის, გუნდური მუშაობის და სამართლიანი შეჯიბრის მოწმე. ვიცი, რომ გამოვხატავ იმ გრძნობებს, რომელიც აერთიანებს ათიათასობით მაყურებელს თბილისსა და მთელს მსოფლიოში. გული უსაზღვრო სიამაყით მევსება, როდესაც ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს ვუყურებთ. თქვენი წარმატება და სულისკვეთება ჩვენი შთაგონების წყაროა. მადლობა მინდა ვუთხრა მწვრთნელებს, სპორტსმენთა ოჯახებს, ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ალქსი ახვლედიანს, კომიტეტის წევრებს, თბილისის მერიას, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს, კომპანია “ჰუალინგ ჯგუფს”, რომელმაც არაჩვეულებრივი ოლიმპიური სოფელი აგვიშენა. ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც საპატიოა ამ კვირის განმავლობაში ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა და წვლილის შეტანა ქვეყნებს შორის მეგობრობის განმტკიცებაში, რაც არის კიდეც ოლიმპიური ტრადიციების ქვაკუთხედი”, – განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფესტივალი ჩვენი ხალხისთვის უდიდესი გამოცდილებაა და მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს გზაზე ევროინტეგრაციისკენ.
“მართალია ფესტივალი დღეს იხურება, მაგრამ ის გვიტოვებს მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების ხელშესაწყობად. ვამაყობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობები მოემსახურება სწორედ მომავალი თაობის, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების აღზრდას, მომზადებას და ჩამოყალიბებას. ვამაყობ, რომ ოლიმპიური სოფელი სულ მალე საცხოვრებლით უზრუნველყოფს 600-მდე ოჯახს, რომლებმაც ომის დროს სახლები დაკარგეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა საქართველოში. იმედი მაქვს, რომ სასიამოვნო დრო გაატარეთ ჩვენს ქვეყანაში და სახლში ბრუნდებით განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით. მჯერა, რომ ბევრი მეგობარი შეიძინეთ და ამ მეგობრობას შეინარჩუნებთ. წარმატებებს გისურვებთ და ოლიმპიურ ჩემპიონობას გისურვებთ და მჯერა, რომ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – მიმართა ღარიბაშვილმა ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლეთში კიდევ ერთი ავტოავარიის შედეგად 3 პოლიციელი დაშავდა
შემდეგი სტატიაევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – “თბილისი 2015” დასრულდა