ირაკლი ღარიბაშვილი – სირცხვილია, რომ დღეს ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქტები შემოგვაქვს

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

სირცხვილია, რომ დღეს ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქტები შემოგვაქვს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჭრებალოს ღვინის ქარხანაში შეკრებილ მეწარმეებს, რომლებსაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი ახალი პროექტი წარუდგინა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობის მიზანია დაეხმაროს მოსახლეობას, დაიწყოს ბიზნესი.
“რეგიონს აქვს უნიკალური რესურსები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. მჯერა, ახალი პროექტი ბიძგს მისცემს მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 3 ათასამდე ბენეფიციარი მიიღებს დაფინანსებას, შეიქმნება 4 700-მდე ახალი სამუშაო ადგილი, ბიზნესის კეთების უნარებს აიმაღლებს 4 500-მდე ბენეფიციარი.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რათა მიკრო და მცირე ბიზნესში მეტი ადამიანი ჩაერთოს.
მთავრობის მეთაურმა მეწარმეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე.
პრემიერმა აღნიშნა, რომ დაფინანსდა 105 ახალი საწარმო, გადაიარაღდა – 480, სოფლის მეურნეობაში განხორციელდა 800 მილიონი ლარის ინვესტიცია, საქართველოს თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და მოქალაქეებს აღარ ეშინიათ საავადმყოფოში მისვლის, იმატა შობადობამ, შემცირდა სიკვდილიანობა, ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცენდენტოდ წარმატებული რთველი ჩატარდა, 2013 წელს რთველის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 8 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო გასულ წელს – 14 მლნ ლარი.
“გლეხმა ირწმუნა, რომ ღირს ვენახის გაშენება და გასულ წელს 3 ათასი ჰექტარი ვენახი გაშენდა, მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში ვენახები მიზანმიმართულად იჩეხებოდა. ქართველ მეღვინეებს ღვინის რუსეთის ბაზარზე გატანის შესაძლებლობა მიეცათ, ევროპის ბაზარზე 65%-ით გავზარდეთ ექსპორტი. ამ ყველაფრის მიუხედავად, პრობლემები რჩება, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ისინი ეტაპობრივად გადაგიწყვიტოთ. მინდა, გქონდეთ ხელისუფლების იმედი. მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბეშია და ჩვენ ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები. ჩემი ინფორმაციით, პარლამენტში მაისში მთის კანონის განხილვა დაიწყება. მჯერა, რომ მთის კანონი და ეს პროგრამები მთლიანობაში, ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხის ფეხზე დაყენებას”, – განაცხადა პრემიერმა.
ახალი პროექტის შესახებ დეტალური პრეზენტაცია მეწარმეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა წარუდგინა.

banner
წინა სტატიაშიხულოში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი: ისრაელის მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება კონტრპროდუქტიულია