ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ რაც გურჯაანში მოხდა, “ნაციონალური მოძრაობის” სპექტაკლი იყო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის, რაც გურჯაანში მოხდა, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დადგმული სპექტაკლი იყო.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც იხილეს, “მაგრამ მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პროვოცირებული იყო ე.წ. ოპოზიციის მხრიდან. ძალიან ცუდია, რომ ასე უხეშად, ასეთი დესტრუქციული მეთოდებით სცადეს რაიონის გამგეობის მუშაობის შეფერხება და პარალიზება. სამწუხაროა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და მწვავე, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა პირობებში ცხოვრობდა მოსახლეობა. ასე, რომ ეს რეაქცია არის ჩვენთვის მიუღებელი, მაგრამ მეორე მხრივ, მათი ეს აგრესია არის გასაგები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მოუწოდა როგორც ოპოზიციის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ასეთი მძაფრი გამოხატულებებისგან.
“ეს არ წაადგება ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩვენ ვემზადებით რიგის სამიტისთვის. ზოგადად ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა რაიონში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციას თუ რაიმე კითხვები აქვს და მართლაც გულწრფელები არიან, არსებობს შესაბამისი უწყებები და მათ შეუძლიათ მიმართონ.
“ამხელა ალიაქოთი რა თქმა უნდა, არის ხელოვნური, არავითარი ნეპოტიზმის და კორუფციის ფაქტები იქ არ არის. თუ არის მსგავსი რამ, ამას შეისწავლიან და მოახდენენ რეაგირებას შესაბამისი უწყებები, ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი, მათი სურვილი და ამოცანა არის როგორმე შეაფერხონ და პარალიზება მოახდინონ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის. ვიმეორებ, რეაქცია იყო მწვავე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ მართლაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ხალხის აგრესია შეგვეჩერებინა. მზად ვართ, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩვენს ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი სემეკ-სა და “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიმართავს
შემდეგი სტატიალევან ყიფიანი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს