ირაკლი ღარიბაშვილი მადლენ ოლბრაიტს შეხვდა

საქართველოში მიმდინარე რეფორმები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და NDI-ის თავმჯდომარის, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის შეხვედრის მთავარი თემები.
მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებსა და ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოში საქმიანობის გეგმებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე. აღინიშნა, რომ ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება მოწმობს, რომ საქართველო ალიანსთან ურთიერთობის უმაღლეს საფეხურზე გადავიდა. მადლენ ოლბრაიტმა დადებითად შეაფასა ყველა ის რეფორმა, რომელსაც ალიანსთან დაახლოების გზაზე ქვეყნის ხელისუფლება ატარებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთთან ურთიერთობის საკითხები. გამოითქვა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების გამო. აღინიშნა, რომ ასევე მიუღებელია ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოფიციალურ მოსკოვს შორის.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა მადლენ ოლბრაიტს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მანვე ხაზი გაუსვა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
NDI-ის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: ბაჩო ახალაიასთვის ახალი ბრალის წაყენება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასააკაშვილი ადასტურებს, რომ აშშ უკრაინას სამხედრო შეიარაღებით დაეხმარება