ირაკლი ღარიბაშვილი: ეჭვიც არ მეპარება, რომ შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა.
“ეჭვიც არ მეპარება, რომ შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. ჩვენი ინტერესი კი არის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა. ეს პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა მთავარ პრობლემად რჩება აფხაზეთი და სამაჩაბლო. დანარჩენ საკითხებში მივყვებით თანმიმდევრულად და გვაქვს აბსოლუტურად კეთილმეზობლური ურთიერთობები და მიდგომები”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პრემიერის თქმით, სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს.
“წლების წინ სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო გაწყვეტილი დიალოგის შემდეგ, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გზით შევძელით ბაზრის ხელახლა გახსნა და ამას ვაფასებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებზე საქართველოს მიერთების თემაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, 15 სანქიციიდან საქართველოს მხოლოდ ერთს შეუერთდა.
“პირადად ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პოზიცია არის შემდეგი, მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, საქართველო მიუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ჩვენ ეს პოზიცია გვქონდა გასულ წელს და გვაქვს იგივე პოზიცია ახლაც. არ ვაპირებთ ამ პოზიციის შეცვლას. 15-დან ერთადერთი სანქცია, რომელსაც შეუერთდა საქართველო გასულ წელს, შეეხებოდა მხოლოდ ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქტის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს. მოგეხსენებათ, ჩვენ იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენ გვაქვს პრობლემა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ჩვენ იგივეს ვითხოვთ დანარჩენი სახელმწიფოებისგან. ჩვენი არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. სხვა სანქციებზე გვქონდა მსჯელობა მთავრობის შიგნით გასულ წელს და გადავწყვიტეთ, რომ არ ვაპირებთ, შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზი არსებობს, პირველ რიგში ის, რომ “ძალიან ვუფრთხლდებით იმ მონაპოვარს, რომელიც უკვე გვაქვს რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის სახით”.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: “რუსთავი2”-ის მესაკუთრეობის საკითხი კერძო დავაა და მთავრობის ჩართულობა ამაში ნულის ტოლია
შემდეგი სტატიაე.წ სამხრეთ ოსეთი ადმინისტრაციულ საზღვარს ორი დღით კეტავს