ირაკლი ღარიბაშვილი – ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება

საქაროთველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
“არავითარი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან არაფერს ვგეგმავთ ამ ეტაპზე. თუ რამეს გადავწყვეტთ, თქვენს გარეშე არ გავაკეთებთ”, – აღნიშნა  ჟურნალისტებთან საუბრისას  ღარიბაშვილმა.
მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე ინფორმაციას გაზეთი “ალია” ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, თანამდებობიდან გაათავისუფლონ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საგარეო უწყების ხელმძღვალი თამარ ბერუჩაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
“2016 წლის თებერვალში, მაშინ, როდესაც გიორგი ქადაგიძეს ვადა ამოეწურება მის ადგილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. სავარაუდოდ, საპარლამენტო ლიდერის პოსტიდან წასვლას აპირებს დავით საგანელიძე და მას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნავენ. კოვზანაძე კი დაიკავებს იმ ახალი უწყების ხელმძღვანელის პოსტს, რომლის კანონსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. საგანელიძეს კი სავარაუდოდ, გია ვოლსკი შეცვლის. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ზვიად კვაჭანტირაძეს მთის მინისტრად დანიშვნის სურვილი აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დატოვებს თამარ ბერუჩაშვილი. ამბობენ, რომ თანამდებობას დატოვებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ჟორდანია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლოა ლანჩხუთის გურიამ წარადგინოს
შემდეგი სტატია,,გაერო-ში გამგზავრებასთან დაკავშირებული სპეკულაციები ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია”