ირაკლი ღარიბაშვილი: … ალასანიამ მთხოვა დამეხმარე და იქნებ, “დავლაგდეთო”

garibashvili

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კერ კიდევ თავდაცვის მინისტრობის დროს ირაკლი ალასანიამ  მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზებაში დახმარება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
საქმე ეხება ე.წ. კაბელების საქმეს, რომლის პოლიტიკურად მოტივირებულად წარმოჩინების მცდელობა, პრემიერ-მინისტრის თქმით, აბსოლუტურად უსაფუძვლო და ხელოვნურია.
“ხელისუფლებაში რომ მოვედით და ალასანია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, ვინაიდან თქვა, რომ ის არის საქართველოს თავდაცვის მინისტრი და არა რომელი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი, რაც, მისი მხრიდან, სწორი საქციელი იყო. მაგრამ როცა ალასანიამ შეიტყო, რომ პროკურატურას გამოძიება ჰქონდა დაწყებული, იგი ჩემთან მოვიდა და მითხრა, პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებას ვაპირებო. წარმოიდგინეთ, ამას მეუბნება თავდაცვის მინისტრი, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ ალასანია კვლავ მოვიდა ჩემთან და მითხრა, ინფორმაცია მაქვს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობსო. მთხოვა, მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზებაში დამეხმარე და იქნებ, “დავლაგდეთო”. მე მას ვუთხარი, რომ ასეთ საკითხებში პრინციპულად არ ჩავერეოდი და ჩემი ოჯახის წევრსაც რომ ეხებოდეს საქმე, გამოძიების პროცესში ვერ ჩავიხედავდი. ერთი სიტყვით, მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზებაზე უარი ვუთხარი, “დასალაგებელი” არაფერია, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა დაისაჯოს და თუ არაფერი ჩაუდენიათ, რატომ ნერვიულობ-მეთქი? ამის შემდეგ ყველამ ვნახეთ, რა რეაქციაც ჰქონდა ალასანიას და ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მან მოიმოქმედა. არც ერთი ნორმალური მთავრობა და მთავრობის მეთაური არ მიიღებდა იმას, რაც ალასანიამ ჩაიდინა – თავდაცვის მინისტრის რანგში პარტიის ოფისში პრესკონფერენცია ჩაატარა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. ეს იყო თავდაცვის სამინისტროსა და ჯარის პოლიტიზების პირდაპირი მცდელობა, შესაბამისად, მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ის დემაგოგია, რასაც დღეს ალასანია ეწევა, აბსოლუტურად მიუღებელია.
“სამწუხაროდ, იგი ბაძავს თავის ყოფილ თანაგუნდელებს – “ნაციონალებს”, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში იმყოფებოდა”, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება, ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი დავით აღამშენებლის ძეგლის თბილისის ცენტრში დაბრუნების ინიციატივით გამოდის